ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო-ჯორჯიაში” გამართულ განათლების III საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ მერაბ დიასამიძემ, პრესსამსახურის უფროსმა ნინო დოლიძემ, სტუდენტებმა: ნინო ხელაძემ, არჩილ ჯიჯავაძემ და დემიდ ფასიეშვილმა აბიტურიენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს უნივერსიტეტი წარუდგინეს. გააცნეს სასწავლო-სამეცნიერო პროგრამები, სწავლების პირობები, სტუდენტური ცხოვრება, გაცვლითი და სოციალური პროგრამები. დაიგეგმა თანამშრომლობის დამყარება საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებთან, ერთობლივი პროექტების განხორციელება და სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სტაჟირება. განათლების საერთაშორისო გამოფენა 15 თებერვალს გაიხსნა და მასში საქართველოსა და უცხოეთის 100-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობდა. ორდღიანი გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |