ბაქოს ბიზნესის უნივერსიტეტს 20 წლის საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით, სამდღიანი ვიზიტით სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პროფესორები: ასიე ცინცაძე, ბადრი გეჩბაია და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ნანა ყურშუბაძე ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს ბაქოს ბიზნესის უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, რომელიც ერთობლივი პროგრამების, საზაფხულო სკოლებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს. დაიგეგმა სტუდენტების გაცვლა ერთი სემესტრით უცხო ენის მიმართულებით. დელეგაციის წევრები დაესწრნენ კონფერენციას თემაზე: „სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ახალი მიდგომების მნიშვნელობა“. ღონისძიებაში მონაწილე უცხოეთის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის დელეგაციის წევრებთან. მხარეები ეკონომიკის მიმართულებით ერთობლივი ინგლისურენოვანი პროგრამის შემუშავებაზე, ერთობლივი კონფერენციების, საზაფხულო სკოლისა და ლექციების ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
ბაქოს ბიზნესის უნივერსიტეტს 20 წლის ისტორია აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩამოყალიბდა და ამჟამად ფუნქციონირებს 2 ფაკულტეტი: ბიზნესი და მენეჯმენტი, ეკონომიკა და მართვა. მოქმედებს შემდეგი კათედრები: საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი; მარკეტინგი და მენეჯმენტი; ფინანსები; ეკონომიკური თეორია; მრეწველობის ორგანიზაცია და მუნიციპალური მართვა; ჰუმანიტარული მეცნიერებები; უცხო ენები.
უკან |