ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით იდეათონი „ნუ შეავიწროებ პოტენციალს“ - როგორ შევქმნათ უსაფრთხო და დაცული სამუშაო გარემო - გაიმართა. იდეების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ გენდერული სტრატეგიების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს აკადემიურ ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებს, დანერგონ სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი, უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო სივრცე ქალებისთვის. ბსუ-ს სტუდენტებისაგან დაკომპლექტებულმა იდეათონის ცხრა ჯგუფმა პროფესიონალი ინსტრუქტორისა და გენდერის ექსპერტის მეთვალყურეობით შეიმუშავეს ინოვაციური იდეები და სტრატეგიები, თუ როგორ შეიქმნას ქალებისთვის უსაფრთხო გარემო გენდერული თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებით.
გენდერის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ სამი ფავორიტი გუნდი გამოავლინა, რომლებსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესკომპანიებისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციისა წარმომადგენლებმა სპეციალური პრიზები გადასცეს.
იდეათონი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კამპანიის ფარგლებში ხორციელდება. კამპანია ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების გაძლიერებას, აქტიურ ჩართულობას ემსახურება და ეყრდნობა ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ 2010 წელს შეიმუშავა. აღნიშნული პრინციპები და რეკომენდაციები ეხმარება ბიზნესს, ხელი შეუწყოს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას სამუშაო ადგილებზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში.
კამპანია ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
უკან |