გამოცხადდა მიღება Platforma.ge-ის მიერ მომზადებულ ციფრულ კურსზე ,,ადამიანის უფლებები: კრიტიკული პერსპექტივები“. კურსი ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.
კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანის უფლებების კონცეფციის ფილოსოფიური საფუძვლების, ისტორიული განვითარებისა და ფორმაციების და თანამედროვეობაში მისი არსისა და მნიშვნელობის შესახებ. კურსის ფარგლებში საუბარი იქნება ადამიანის უფლებების რელატიურობისა და უნივერსალურობის კონცეფციებზე, სხვადასხვა პერსპექტივიდან კონცეფციის კრიტიკაზე და კონცეფციის გამოწვევებზე თანამედროვე ეპოქაში.
კურსი შედგება 10 სალექციო თემატიკისგან, თითოეული სალექციო თემატიკა მოიცავს ვიდეო ლექციას, ლექციის ტრანსკრიპტს (ტექსტობრივ ჩანაწერს) და სპეციალურად თითოეული თემატიკისთვის მომზადებულ რიდერს, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა სტატიების და თარგმანების სინთეზს.
კურსზე რეგისტრაცია უფასოა და საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია. კურსი და მისი ყველა აქტივობა ელექტრონული ფორმით წარიმართება. აპლიკანტები, რომელთაც სურთ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება, ონლაინ გაივლიან 2 შუალედურ ტესტირებას და ერთ ფინალურ დავალებას კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნის შესამოწმებლად.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 2019 წლის 15 ნოემბრიდან – 25 დეკემბრამდე.
კურსი ხორციელდება 5 რეგიონულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
კურსის ლექტორები:
კოტე ერისთავი – კოტეს აქვს დოქტორის ხარისხი ადამიანის უფლებების თეორიაში, ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი); ასევე, სხვადასხვა დროს ასწავლიდა სამართლის ფილოსოფიას ედინბურგის უნივერსიტეტში, ადამიანის უფლებების თეორიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო სამართლის კვლევის მეთოდებს კავკასიის უნივერსიტეტში. მიმდინარე ეტაპზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში ხელმძღვანელობს სოციალური პოლიტიკის პროგრამას.
ლიკა ჯალაღანია – ლიკა ჯალაღანია ლგბტქი ადამიანთა უფლებებზე ფოკუსირებული პროექტების კოორდინატორია EMC–ში. ის ახორციელებს ლგბტქი ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის დოკუმენტირებას, მონიტორინგსა და ანალიზს; სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ჩაგვრის აღმოფხვრის კუთხით ინსტიტუციური გარემოს ცვლილებების ხელშეწყობასა და ადვოკატირებას; ლიკა მეტწილად დაინტერესებულია თანამედროვე ქვიარ პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების კონცეფციის გადააზრების, მისი თეორეტიზების ინტერდიციპლინური მეთოდებით, კარცერული სახელმწიფოსა და სამართლებრივი დოქტრინის ფემინისტური კრიტიკით.
მაია ბარქაია – მაია ბარქაია არის გენდერის კვლევის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული. ამჟამად ის კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტში. 2010 წელს მან მოიპოვა ინდოეთის ისტორიის მაგისტრის ხარისხი ჯავაჰარლალ ნერუს უნივერსიტეტში (ინდოეთი). 2011 წლიდან ის მონაწილეობს სხვადასხვა კვლევით პროექტში საქართველოსა და ინდოეთში. მაიას კვლევის ინტერესები/სამუშაო თემებია: დროის დეკოლონიზაცია, შრომა და გენდერი; სოციალური მოძრაობები; პოლიტიკური იდეოლოგიები და გენდერი; არაფორმალობა, გენდერი და მიგრაცია; პოსტკოლონიური და დეკოლონიური ფემინიზმები.
თამარ ცხადაძე – ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის და სოციოლოგიის ფაკულტეტზე (1996 წ. – დიპლომი, 1996-1998 წწ. – ასპირანტურა, 2006 წ. – საკანდიდატო დისერტაცია ფილოსოფიის ისტორიაში). თამარი მიწვეული მკვლევარის სტატუსით მუშაობდა აპალაჩის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (2003) და სტენფორდის უნივერსიტეტში (2004, 2005), 2010-2011 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის გენდერის კვლევის სადოქტორო პროგრამაზე. 2000 წლიდან ასწავლის ფილოსოფიურ დისციპლინებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2012 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იკვლევს მეცნიერების ფილოსოფიის, ენის ფილოსოფიის, ფემინისტური ფილოსოფიის პრობლემებს. მუშაობს ფილოსოფიისა და გენდერის კვლევის კლასიკური ტექსტების ქართულ ენაზე თარგმნაზე. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და რამდენიმე სამეცნიერო კრებულის რედაქტორი. ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს მილის, უოლსტონკრაფტის, ფრეგეს, კუნის, ქუაინის, დევიდსონის, ბატლერის და მრავალი სხვა ავტორის შრომები.
ნინო ხელაია – ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის დოქტორანტი. ამჟამად მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკურ დეპარტამენტში, ასევე, მოწვეულ ლექტორად მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ინტერდისციპლინური პროგრამის ,,პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება” ფარგლებში კითხულობს სალექციო კურსს ,,სოციალური მოძრაობების თეორია და პოსტ-სოციალისტური მოძრაობები”.
თამთა მიქელაძე – თამთა ასოცირებული პროფესორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის EMC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის დაფუძნებიდან EMC-ის დირექტორთა საბჭოს წევრია და სხვა პროგრამების დირექტორებთან ერთად ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ის უშუალოდ პასუხისმგებელია თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის მართვასა და კოორდინირებაზე. პროგრამა ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასა და არადომინანტი ჯგუფების (რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ასევე ლგბტქი ადამიანების) ჩაგვრისა და პოლიტიკურ, სოციალურ და დისკურსულ დონეებზე მათი გარიყულობის საკითხებზე მუშაობს და საქმიანობაში კვლევის, ადვოკატირების, სტრატეგიული სამართალწარმოების და ცოდნის გადაცემის ინსტრუმენტებს იყენებს.
გიორგი მაისურაძე – გიორგი მაისურაძე არის ფილოსოფიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი. 2008-2013 წლებში ის მუშაობდა ბერლინში, ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრში მკვლევარის პოზიციაზე. 2001-2006 წლებში გიორგი წერდა სტატიებს რადიო თავისუფლებისთვის. სხვადასხვა დროს ის სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზაარლანდის უნივერსიტეტში, ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰუმბოლტის უნივერსიტეტში ისტორიის, ფილოსოფიისა და კულტურის კვლევების მიმართულებით.
Platforma.ge მკვლევართა გაერთიანებაა, რომელიც გთავაზობთ ციფრულ კურსებს სხვადასხვა თემატიკების მიმართულებით.
რეგისტრაციის ვადები: 15 ნოემბერი, 2019 – 25 დეკემბერი, 2019 (23:59სთ)
რეგისტრაცია უფასოა.
კურსის დაწყების თარიღი: 15 იანვარი, 2020
კურსის დასრულების თარიღი: 15 მარტი, 2020
იხილეთ რეგისტრაციის მისამართი:
უკან |