ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის (DemCom) მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა ითვალისწინებს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესისა და განათლების ხელშემწყობი პროექტების დაფინანსებას. პრიორიტეტულად მიიჩნევა ეკონომიკური, ტურისტული და სამეწარმეო პოტენციალის ამაღლების, აგრეთვე სამოქალაქო განათლების, სოციალური ინტეგრაციის და ტოლერანტობის თემებზე ორიენტირებული ინიციატივები. საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა სოფო ბზიშვილმა საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს პროგრამის მიზნები და მასში მონაწილეობის პირობები გააცნო.
გრანტის მიღება შეუძლიათ საქართველოში დაფუძნებულ და რეგისტრირებულ არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ინსტიტუტებს და მედია ორგანიზაციებს.
გრანტის მაქსიმალური რაოდენობა თითოეულ პროექტზე 50,000 აშშ დოლარია.
დემოკრატიის კომისიის (DemCom) მცირე გრანტების პროგრამა მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და ამ პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობის ამაღლებას.
საგრანტო პროგრამის წარდგენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აჭარის ბიუროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
უკან |