საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციებს, სამხედრო ქვედანაყოფებში ექსკურსიებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებსა და სამხედრო თემატიკის შესახებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას ითვალისწინებს. ასევე, იგეგმება პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ სტუდენტებისათვის პრეზენტაციების გამართვა საქართველოს სამხედრო ისტორიის, საქართველოს ეროვნული გმირების, საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის და სხვა თემატური საკითხების შესახებ.
ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის უწყება მორიგ ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.
უკან |