ბსუ-ში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა CODFREURCOR-ის (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფრანკოფონიური სადოქტორო კოლეჯი) მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „ეროვნული ლიტერატურა თარგმანში“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი: რომანული ურთიერთგაგება, ინტერტექსტუალური დიალოგი. კონფერენცია ჩატარდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერენციის პროგრამაში წარმოდგენილი იყო 90 მოხსენება, 100 მომხსენებელი, მათგან 30 უცხოელი მეცნიერი 3 კონტინენტის 12 უნივერსიტეტიდან (ბელგია, საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი, მოლდოვა, ალჟირი, კამერუნი, მაროკო, კანადა, სომხეთი, პოლონეთი); საქართველოს 15 უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
კონფერენციის მუშაობაში უშუალოდ მიიღო მონაწილეობა 27-მა უცხოელმა მეცნიერმა, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით, ონლაინ რეჟიმში ჩაერთო ასევე 10-მდე ქართველი მომხსენებელი, ხოლო 50-მდე მომხსენებელი განაწილებული იყო 6 სექციაში.
სექციური მუშაობა წარიმართა 6 სექციაში:
1. ბერძნულ-რომაული და ძველ აღმოსავლური ცივილიზაციები თარგმანში;
2. უცხოური ლიტერატურა ეროვნულ თარგმანებში;
3. ეროვნული ლიტერატურები მსოფლიო ლიტერატურის მოზაიკაში;
4. ტრადუქტოლოგიური პრობლემები: ანალიზი და გადაჭრის გზები;
5. თარგმანი როგორც ენათშორისი და კულტურათშორისი დიალოგი;
6. თარგმანი ტოტალიტარულ და პოსტ-ტოტალიტარულ საზოგადოებებში;
კონფერენციის მსვლელობისას განხილული იყო თარგმანმცოდნეობის საინტერესო, აქტუალური თემები, გამოყენებითი ლინგვისტიკისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ჭრილში: ეროვნული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის ისტორია, ტრადუქტოლოგიური პრობლემები, თარგმანის შეფასების კრიტერიუმები, განახლებული თარგმანები, ავტო-თარგმანი (ავტორების მიერ ნათარგმნი ლიტერატურული ტექსტი), „მოხეტიალე ფაბულა“ სხვადასხვა ეროვნული ლიტერატურის კონტექსტში და მათი თარგმნის პრობლემები, ლინგვოკულტუროლოგიური კონცეპტები და თარგმანი, დიალექტებისა და ფრაზეოლოგიზმების უცხო ენაზე თარგმნის პრობლემა, მთარგმნელი, როგორც თანაავტორი, მკითხველი და მეგზური, თარგმანი და ისტორიული კონტექსტი, ისტორიული კონტექსტის, ზოგადად, ფონური ცოდნის მნიშვნელობა და უცნობი ეპოქის ტექსტების თარგმნის სპეციფიკა, კულტურათა დიალოგი თარგმანში, ლიტერატურული თარგმანი პოლიტიკისა და ესთეტიკის ჭრილში, თარგმანი, როგორც კულტურათა დიალოგი, თარგმანი, როგორც სამეცნიერო შრომა და სხვ.
კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებები, ანონიმური შეფასების შემდეგ, დაიბეჭდება ფრანკოფონიური რეგიონული სადოქტორო კოლეჯის (CODFREURCOR) ჟურნალში Études interdisciplinaires en Sciences humaines (ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში), რომელსაც ჰყავს ავტორიტეტული საერთაშორისო სარედაქციო საბჭო და რომელიც გამოიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.
უკან |