გარდაიცვალა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ქართველოლოგიის ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პრეზიდენტის, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო.

აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართველოლოგიის, ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის, დამწერლობათმცოდნეობის, ინდოევროპეისტიკისა და თეორიული ენათმეცნიერების განვითარების საქმეში. ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა - ,,სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ (1965 წ., გ. მაჭავარიანის თანაავტორობით), ,,წინარეინდოევროპული ენა და ინდოევროპელები’’ (1984 წ., ორ ტომად, ვ. ივანოვის თანაავტორობით, რუსულ ენაზე), ,,წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა“ (1989 წ., ინგლისური თარგმანი - 1995 წ.) და სხვა გამოკვლევებმა მას მსოფლიო აღიარება მოუპოვა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია თამაზ გამყრელიძის, როგორც მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების ორგანიზატორის ღვაწლი. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აკადემიკოს  გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს (1973-2005), თსუ სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის  (1999 წლიდან ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების) კათედრას (1966 წლიდან), 2005-2013 წლებში არჩეული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად, 2013 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო  აკადემიის საპატიო პრეზიდენტი.

ქართულ და მსოფლიო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის ბატონი თ. გამყრელიძე 1974 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, 1984 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად; არჩეული იყო ასევე საზღვარგარეთის არაერთი ქვეყნის აკადემიისა და სამეცნიერო საზოგადოების წევრად, ცნობილი უნივერსიტეტების  საპატიო დოქტორად და პროფესორად.

ცალკე უნდა აღინიშნოს ბატონი თამაზის პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა. იგი არჩეული იყო ,,საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა“ და ,,საქართველოს პარლამენტის“ რამდენიმე მოწვევის დეპუტატად (1990-1992; 1992-2003), არის ერთ-ერთი ხელმომწერი ,,საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისა“ (1990 წლის 28 ოქტომბერი). 1985 წლიდან თ. გამყრელიძე იყო ,,საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს“  დეპუტატი. 1989 წელს ,,სსრკ დეპუტატთა ყრილობაზე“ (25 მაისი - 9 ივნისი) იგი გამოვიდა ისტორიული სიტყვით, რომელშიც სიცოცხლის რისკის ფასად საბჭოთა პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას დასდო ბრალი 1989 წლის 9 აპრილს თბილისში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე...

იღვაწა, იშრომა და ვალმოხდილმა დატოვა წუთისოფელი. დაგვიტოვა მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომელშიც გააგრძელებს ცხოვრებას აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა