ბსუ-ში „ქართული ენის დღის“ კვირეულის ფარგლებში მონოგრაფიების წარდგენა გაიმართა

სურათი

დღეს, „ქართული ენის დღის“ კვირეულის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევართა ჯგუფის მონოგრაფიების - ,,ტაო“ და ,,მარადიდი“ წარდგენა გაიმართა. პროფესორ-მასწავლებლებმა მონოგრაფიები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტების ფარგლებში მოამზადეს. ნაშრომები კარგ სამსახურს გაუწევს ისტორიკოსებს, ლიტერატურათმცოდნეებს, ეთნოლოგებს, ფოლკლორისტებს, ენათმეცნიერებს და საზოგადოდ, ჭოროხის აუზის წარსულით, ისტორიული სამხრეთ საქართველოთი და თანამედროვე ყოფით დაინტერესებულ მკითხველებს.

წიგნში „ტაო“ ისტორიულ ტაოში კომპლექსური საველე ექსპედიციებით  შეკრებილ მასალებზე, ქართულ და ოსმალურ საისტორიო წყაროებზე, ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით შესწავლილია ჭოროხის ხეობაში მდებარე ისტორიული ტაოს ქვეყანა, - ტაოს ისტორია, მატერიალური კულტურის ძეგლები, ლიტერატურული და სამწიგნობრო სკოლები, ტაოური სოფელი თანამედროვე თურქეთში, ტაოელთა ყოფა, ფოლკლორი,  ტაოური დიალექტი, ტაოს ონომასტიკა.

გამოკვლევას ერთვის ტაოური ფოლკლორისა და კილოს მასალები ლექსიკონითურთ, რეზიუმე ინგლისურ ენაზე და ფოტომასალა.

მონოგრაფიის ავტორები არიან პროფესორები: მამია ფაღავა (იდეის ავტორი და რედაქტორი), †მერი ცინცაძე, მაია ბარამიძე, მალხაზ ჩოხარაძე, თინა შიოშვილი, რამაზ ხალვაში, ნუგზარ მგელაძე, ასოცირებული პროფესორები: ზაზა შაშიკაძე, მერაბ ხალვაში, ჯიმშერ ჩხვიმიანი, ჯემალ კარალიძე.

„ტაოს“ სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი მამია ფაღავა, კოორდინატორი - პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე.

მონოგრაფიაში „მარადიდი“ ქართულ და უცხოურ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაზე, ასევე, კომპლექსურ ექსპედიციებსა და სამეცნიერო მივლინებებში თურქეთსა (ზედა მარადიდი და ჭოროხის აუზის სხვა დასახლებები, ასევე,  მარადიდელ და, საზოგადოდ, ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების სოფლები) და საქართველოში (ქვედა მარადიდი და მახლობელი სოფლები) შეკრებილ მასალებზე დაყრდნობით შესწავლილია სახელმწიფო საზღვრით საუკუნის წინ ორად გაყოფილი სოფელი მარადიდი, ასევე, მარადიდელ მუჰაჯირთა შთამომავლების დასახლებები თურქეთის შიდა პროვინციებში.

მონოგრაფიის ავტორები არიან პროფესორები: მალხაზ ჩოხარაძე (იდეის ავტორი და რედაქტორი), მამია ფაღავა, ნათელა ფარტენაძე, თინა შიოშვილი, ზაზა შაშიკაძე; აკადემიური დოქტორები: რუსლან ბარამიძე, თამარ ჩოხარაძე.

„მარადიდის“ სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე, კოორდინატორი -   პროფესორი მამია ფაღავა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა