ბსუ-ში ბავშვის უფლებებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ეწვივნენ. 2021 წლის ოქტომბერში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში ბავშვთა უფლებების ჩართვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში ბავშვთა უფლებების ჩართვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო საკითხებსა და სამეცნიერო საბჭოს შექმნის დეტალებზე იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაზე, რომლის მუშაობაშიც აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს მონაწილეობას.
ორდღიან კონფერენციაზე შეიკრიბებიან პროფესორები და სტუდენტები, ოფიციალური პირები, ბავშვის უფლებების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დიპლომატები, საქართველოში მომუშავე საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რათა იმსჯელონ უნივერსიტეტებში ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული განათლების შესახებ.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია იქნება მსგავსი ტიპის რიგით მეორე ღონისძიება 2020 წლის ოქტომბერში ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული პირველი კონფერენციის შემდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო ბავშვის უფლებების შესახებ სწავლებისა და სწავლის გამოცდილების გაზიარებას და რომლის მიზანიც იყო მომავალ სპეციალისტებს მისცემოდათ საშუალება, ყოველდღიურ ცხოვრებაში - სახლში, სკოლაში თუ თემებში ემუშავათ ბავშვის უფლებების პრაქტიკული განხორციელებისთვის.

ნორვეგიის მთავრობასთან პარტნიორობით იუნისეფმა უკვე დაუჭირა მხარი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის ცენტრის დაარსებას. ცენტრი იქნება საინფორმაციო ჰაბი და ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების, მშობლების და ბავშვების ინფორმირებულობას ბავშვთა უფლებებზე.

კონფერენციაზე ეროვნულ და საერთაშორისო სპეციალისტებს, ექსპერტებსა და სტუდენტებს მიეცემათ დისკუსიებში ჩართვისა და პრეზენტაციებით გამოსვლის შესაძლებლობა. კონფერენციაზე საქართველოს უნივერსიტეტებს მიეცემა შესაძლებლობა, გააზიარონ თავიანთი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს განათლების, სამართლის, ბიზნესისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ბავშვის უფლებების მომავალი დამცველების განათლებისთვის საუნივერსიტეტო პროგრამებში ბავშვის უფლებების შეტანას.

უმაღლესი განათლების პროგრამებსა და კურიკულუმებში ბავშვის უფლებების შეტანა გაზრდის სტუდენტების ინფორმირებულობას ბავშვის უფლებების შესახებ. თავის მხრივ, ეს გამოიწვევს დაინტერესებას, აამაღლებს მოტივაციას და შთააგონებს ყველა მომავალ პროფესიონალს, რომელიც აირჩევს სოციალური მუშაკის, ადვოკატის, მოსამართლის, მასწავლებლისა თუ სხვა რომელიმე პროფესიას, იმუშაოს ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად. ამით საფუძველი ჩაეყრება ბავშვებთან მომუშავე ყველა პროფესიონალის სპეციალიზაციას საქართველოს ბავშვის უფლებების კოდექსის მოთხოვნისამებრ, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა