გვსურს გამოვეხმაუროთ ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ბათუმის უნივერსიტეტის დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებაზე ინდოელი სტუდენტების მიმართ“. განვმარტავთ, რომ 2021 წლის 4 ივნისის მდგომარეობით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის არც ერთ სტუდენტს აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, სტუდენტის სტატუსი არ შეჩერებია.
ბსუ-ს წესდების, შინაგანაწესისა და აკადემიური საბჭოს დადგენილების - „სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ შესაბამისად, სტუდენტი, რომელიც არ გაივლის ადმინისტრაციულ ან აკადამიურ რეგისტრაციას ექვემდებარება სტატუსის შეჩერებას.
აღსანიშნავია, რომ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2021 წლის 20 აპრილის დადგენილებით, განისაზღვრა აკადემიური რეგისტრაციის ვადები. დადგენილი წესის შესაბამისად, 608 სტუდენტიდან აკადემიური რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 449 სტუდენტმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბსუ-ში არსებული რეგულაციების შესაბამისად დაიწყო მხოლოდ საქმის წარმოების პროცესი, რომლის მთავარი მიზანი იყო დადგენილიყო სტუდენტების ადგილმდებარეობა და მათი მზაობა სასწავლო პროცესში (გაზაფხულის სემესტრი) ჩართვასთან დაკავშირებით, რომელიც სტანდარტული პროცედურაა ბსუ-ს ყველა სტუდენტისათვის.
ადმინისტრაციული საქმის წარმოების საფუძველზე დადგინდა, რომ აკადემიური რეგისტრაცია არ გაუვლია დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის 159 სტუდენტს, რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და გამკაცრებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ინდოეთის მოქალაქეებთან მიმართებაში (ქვეყნის დატოვება, საქართველოში შემოსვლა, ჩარტერული რეისები), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინდოელი სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, ამჟამად ინდოეთში მყოფ ბსუ-ს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, აძლევს უფლებას ონლაინ რეჟიმში გაიარონ აკადემიური რეგისტრაცია და სასწავლო პროცესში ჩაერთონ დისტანციურად, რომლის შესახებაც მათ ინდივიდუალურად ეცნობებათ.
უკან |