ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეპიდვითარებასა და ვაქცინაციაზე მსოფლიოსა და საქართველოში, ვაქცინაციაზე, როგორც COVID-19-თან ბრძოლის უალტერნატივო საშუალებაზე, განათლების სისტემაში იმუნიზაციის პროცესის მნიშვნელობასა და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროცესში. უნივერსიტეტის ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებსა და სტუდენტურ პორტალზე პერიოდულად ვრცელდება ვაქცინაციის პროცესის მხარდამჭერი ინფორმაცია, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მოწოდებები, მსოფლიოში არსებული სტატისტიკა და საინფორმაციო სიახლეები. უნივერსიტეტში მოქმედებს ვაქცინაციის ცენტრი, სადაც მოქალაქეებს აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით შეუძლიათ. აღსანიშნავია, ასევე, რომ ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში, COVID ცენტრსა და ლაბორატორიაში მუშაობენ და ჩართულნი არიან კოვიდთან ბრძოლაში.
უკან |