ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების ფარგლებში, ფონდი ბსუ-ს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ათ წარმატებულ სტუდენტს წამახალისებელ სტიპენდიას გადასცემს. მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება ონლაინ ფორმატში ჩატარდა, რომელშიც ორგანიზატორებთან ერთად, მომავალი სტიპენდიანტებიც მონაწილეობდნენ. სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ფონდი ახორციელებს და რომელში ჩართვაც მომავალ პედაგოგებს უკვე მიმდინარე წლიდან შეეძლებათ.
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, გახადოს მოთხოვნადი აბიტურიენტებსა და სტუდენტებში და დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ მასწავლებლებს. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მისიაა, ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა, საერთო ხარისხის ამაღლება, სტანდარტების გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობის გაზრდა.
უკან |