ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკა ჩხარტიშვილმა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ხელმძღვანელმა ლევან ბექაიამ მოაწერეს. შეთანხმება ითვალისწინებს წარმატებულ სტუდენტთა ხელშეწყობას და უმაღლესი განათლების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. თანამშრომლობის ფარგლებში, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვისა და ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტების ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ყოველწლიურ სტიპენდიას მიიღებენ. ფონდი ასევე პრემიებს გასცემს იმ აბიტურიენტებზეც, რომლებიც ბსუ-ში ყველაზე მაღალი ქულებით ჩაირიცხებიან.
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტთან და თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი, უნივერსიტეტების რექტორები, კანცლერები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, რომლებმაც სიტყვით გამოსვლისას უმაღლესი განათლების განვითარებაში საგანმანათლებლო ფონდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, საგანმანათლებლო ფონდის მხრიდან სტუდენტთა მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ აფინანსებს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს. ფონდი გეგმავს მომავალში ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობას და საგანმანათლებლო პროექტების მასშტაბების გაფართოებას.
მომავალ წლებში საგანმანათლებლო ფონდის მიერ დაგეგმილია უმაღლესი სასწავლებლების გეოგრაფიული არეალისა და ფაკულტეტების რაოდენობის გაზრდა. მათ შორის, პროფესიული განათლების მიმართულებითაც.
უკან |