ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტუდენტთა დახმარების პროგრამის მონაწილე წარმატებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. აჭარის. ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ სტუდენტებს კონკურსში გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2012-2021 წლებში 8 383 753 ლარით დაფინანსდა 8 342 სტუდენტი, აქედან 4 000-მდე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. შეხვედრას ბსუ-ს რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკა ჩხარტიშვილი და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები ესწრებოდნენ.
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, 2021 წელს გაიზარდა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტუდენტთა დახმარების პროგრამის ბიუჯეტი და დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის და შემოდგომის სემესტრში სწავლა დაუფინანსდა ყველა იმ სტუდენტს, ვისი განაცხადიც აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2021 წელს გათვალისწინებული იყო 900 სტუდენტის დაფინანსება, ცვლილების შემდეგ, გაზაფხულის სემესტრში პროგრამაში ჩაერთო 670 ახლაგაზრდა, შემოდგომის სემესტრში - 599, რომელთაგან 356 ბსუ-ს სტუდენტია.
მიმდინარე წელს, პროგრამის ბიუჯეტმა 1 400 000 ლარი შეადგინა და სწავლა დაუფინანსდა 1 269 სტუდენტს. 2022 წელს პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და განისაზღვრა 1 500 000 ლარით.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
უკან |