გარდაიცვალა ბსუ–ს ემერიტუს–პროფესორი შოთა ზოიძე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ემერიტუს–პროფესორის, ცნობილი პოეტის, პუბლიცისტის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის შოთა ზოიძის გარდაცვალების გამო. ემერიტუს–პროფესორმა შოთა ზოიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბსუ–ს განვითარებაში, მომავალი თაობების აღზრდასა და ქართული ლიტერატურის ისტორიის შესწავლის საქმეში. მეცნიერი აქტიურად იკვლევდა  ქართული მხატვრულის სიტყვის მნიშვნელოვან საკითხებს, ავტორი იყო მრავალი საინტერესო მეცნიერული ნაშრომისა და რჩეული ნაწერების ორტომეულისა. ემერიტუს-პროფესორი შოთა ზოიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ქართული ლიტერატურაში.

პროფესორი შოთა ზოიძე დაიბადა 1941 წლის 2 იანვარს შუახევის რაიონის სოფელ ახალდაბაში, 1967 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ხოლო 1977 წელს – მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლესი კურსები. შოთა ზოიძე იყო საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თვალსაჩინო წარმომადგენელი აჭარაში, 1993-1994 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციას. დიდი წვლილი მიუძღვის აჭარის ტელევიზიის დაარსებაში, 1991-1993 წლებში უძღვებოდა აჭარის ტელე-რადიო-დეპარტამენტს. აქტიურად იყო ჩაბმული დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, 1994-1998 წლებში ეკავა აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი. შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა ნაყოფიერ სამცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1998-1999 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტში დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, რომლებიც ანა კალანდაძის შემოქმედებას მიუძღვნა. 2009 წელს აირჩიეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად, 2016 წლიდან კი იყო ბსუ ემერიტუს-პროფესორი.

ემერიტუს–პროფესორმა შოთა ზოიძემ პირველი ლექსები 1960 წელს გამოაქვეყნა. 1968 წელს დაისტამბა მისი პირველი წიგნი „სიახლოვე“. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: „გულის ხმაური“ (1970), „ათასი ზარი“ (1972), „პაემანი წვიმაში“ (1974), „დიდი ქალაქი“ (1977), „ელდორადო“ (1982), „ბათუმის წვიმა“ (რუსულ ენაზე, მოსკოვი, 1979), „დუელი“ (1980), „სიყვარულის გაკვეთილები“ (1984), „სიყვარულის ახსნა“ (1986), პოეტური მანიფესტი „უსანქციო სონეტები“ (1996), „სვეტი ნათლისა“ (2003), „არმაზის მსხვრევა“ (2014); ლიტერატურული და პუბლიცისტური წერილების კრებულები: „მიწის მადლი“ (1975), „ჯვარცმული ფიქრი“ (1995), ესეების კრებული „ადამიანი, რომელსაც ღმერთმა აკოცა“ (2003). 1997 წელს გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ბიოგრაფიული ნარკვევი „საქართველოს გოლგოთა“. 2000 წელს გამოსცა მონოგრაფია ანა კალანდაძეზე –„ანა დედოფალი“. 2013 წელს დაიბეჭდა მისი „რჩეული ნაწერები“ (2 ტომი). უკანასკნელ წლებში ხშირად ბეჭდავდა პოეტურ ტექსტებსა და ესეებს, რომლებიც, ტრადიციულად, დიდ რეზონანსს იწვევდა მკითხველ საზოგადოებაში.

შოთა ზოიძის დამსახურება ქვეყნისა და ქართული ლიტერატურის წინაშე ღირსეულად დაფასდა: 1997 წელს ერთდროულად მიენიჭა ღირსების ორდენი და საქართველოს სახელმწიფო პრემია,  ამავე დროს იყო ნიკო ნიკოლაძის (1995), გიორგი ლეონიძის (2007) და მემედ აბაშიძის (2009) პრემიების ლაურეატი
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა