ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზაზა შაშიკაძემ, პროფესორმა ნუგზარ ღომიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ნარგიზ ალასანიამ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში გაიმარჯვეს.
პროფესორი ზაზა შაშიკაძე სახელმწიფო გრანტი ,,საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ ფარგლებში სამეცნიერო პროექტს „ოსმალურ საეკლესიო დავთრებში დაცული ცნობები ქართული ეკლესია-მონასტრების შესახებ“ განახორციელებს. პროფესორი ნუგზარ ღომიძე და ასოცირებული პროფესორი ნარგიზ ალასანია „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის“ ფარგლებში სახელმძღვანელოებს - „რადიოფიზიკა“ და „მწვანე ტექნოლოგიების როლი ბიზნესის წარმატებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“ - გამოსცემენ. უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორებს მნიშვნელოვან წარმატებას.
სახელმწიფო გრანტის ,,საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას. ასევე ითვალისწინებს მათ მოძიების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციასა და ამ სფეროში ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას.
„საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ მიზანია ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით, ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების (წიგნი/მონოგრაფია/საგნობრივი ენციკლოპედია) შერჩევას და მათ გამოქვეყნებას.
უკან |