საქართველოში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი დაფუძნდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ოფისის დაფუძნების ღონისძიება გახსნა, პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მეცნიერებს მნიშვნელოვანი მოვლენა მოულოცა. Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის მისიაა ევროკავშირისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის მედიაციისა და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. ღონისძიებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კვლევითი ინსტიტუტებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
7 დეკემბერს, ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირის უაღრესად მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევით საგრანტო პროგრამა Horizon Europe-ში, რომლის საფუძველზე ქართველი მეცნიერები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რაც აქვთ მათ კოლეგებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.
Horizon Europe-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება ევროკავშირის კონკურსების შესახებ, არამედ ქართველ მკვლევართა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში.
პროგრამა საშუალებას აძლევს ქართველ მეცნიერებს, ერთობლივი პროექტები განახორციელონ ევროპელ კოლეგებთან ერთად. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ახალ განზომილებაში გადაიყვანს უკვე ძალიან ინტენსიურად მიმდინარე კვლევებს, რომლებიც სამეცნიერო ინსტიტუტებში მიმდინარეობს.
Horizon Europe უპრეცედენტო მოცულობის საგრანტო პროგრამაა და მისი ბიუჯეტი შეადგენს 95,5 მილიარდ ევროს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს Horizon Europe-ის საგრანტო კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკვე მოეწყო საგრანტო ოფისები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში, სამცხე-ჯავახეთის, ზუგდიდისა და თელავის უნივერსიტეტებში. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სოხუმის უნივერსიტეტში საგრანტო ოფისები უკვე გაიხსნა. გარდა ამისა, განახლდა და გაძლიერდა Horizon Europe-ის ადგილობრივი საკონტაქტო პირების ქსელი მიმართულებების მიხედვით.
უკან |