ემერიტუს-პროფესორი ბიჭიკო დიასამიძე - 80

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ბიჭიკო დიასამიძის 80 წლის იუბილე ბსუ-ში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. უნივერსიტეტში გაიხსნა  ემერიტუს-პროფესორ ბიჭიკო დიასამიძის სახელობის აუდიტორია, გაიმართა საიუბილეო სხდომა  და  მისი წიგნის „ისტორიული ეტიუდები“ მესამე ტომის წარდგენა. ღონისძიებაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ღვაწლმოსილი პროფესორის სასწავლო-სამეცნიერო მიღწევები და საზოგადოებრივი საქმიანობა.

პროფესორი ბიჭიკო დიასამიძე რამდენიმე ათეული წელი მოღვაწეობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეწეოდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას. მის სახელს უკავშირდება მრავალი თაობის აღზრდა და საქართველოს ისტორიის აქტუალური საკითხების შესწავლა. მეცნიერი იკვლევდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიასა და სტუდენტთა მსოფლმხედველობის ფორმირების საკითხებს,   რომელთაც  70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 10 მონოგრაფია მიუძღვნა.

1991-1997 წლებში ემერიტუს-პროფესორი ბიჭიკო დიასამიძე ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა, პარალელურად მუშაობდა უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობაზე (2005 წლის სექტემბრამდე). 2001-2005 წლებში იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე.  2010 წელს მიენიჭა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის წოდება. ღვაწლმოსილი პროფესორი საპატიო წოდებით განაგრძობდა მუშაობას, კითხულობდა ლექციების კურსს დამხმარე ისტორიულ დისციპლინებსა და საქართველოს ისტორიაში. ასევე ხელმძღვანელობდა ქრისტიანული კულტურის კვლევის სამეცნიერო ცენტრსა და სოციოლოგიური კვლევის ლაბორატორიას.

აღნიშნულ პრობლემატიკასთან დაკავშირებულ ნაშრომებში გაანალიზებული და ახლებურად გააზრებულია ქრისტიანობის გავრცელებისა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების, სახელმწიფო-საკანცელარიო და საეკლესიო ღვთისმსახურების ენის, უძველესი საეკლესიო ცენტრების წარმოშობისა და მათი ფუნქციის საკითხი ეგრისის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, ეგრის-აფხაზეთის სამეფოსა და შემდგომ საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის ჩამოყალიბებაში ეკლესიის როლისა და ადგილის პრობლემა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ზემოთდასახელებულ პრობლემებს ავტორმა მიუძღვნა 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სამი მონოგრაფია (,,ქრისტიანობის ისტორიისათვის დასავლეთ საქართველოში”, ,,უძველესი საეკლესიო ცენტრები დასავლეთ საქართველოში”, ,,ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში”). ნაშრომისათვის ,,ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში” ავტორს მიენიჭა ტბელ აბუსერისძის სახელობის სახელმწიფო პრემია. აღნიშნული პრობლემების მეცნიერული შესწავლა საფუძვლად დაედო მის სადოქტორო დისერტაციას, რომელიც წარმატებით დაიცვა 1999 წელს  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იმავდროულად, ბიჭიკო დიასამიძე აირჩიეს საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად. იგი დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საპატიო სიგელით.

პროფესორი ბიჭიკო დიასამიძე გამორჩეული იყო საზოგადოებრივი საქმიანობის თვალსაზრისითაც, იდგა ბრძოლის წინა ხაზზე ისტორიის ყველა ეტაპზე  - XX ს. 70-იან წლებში – ქართული ენის დაცვისას, 1980-1990-იან წლებში-ეროვნული მოძრაობის პერიოდში თუ თანამედროვე ეტაპზე  - მიუხედავად იმისა, რომ იგი უნივერსიტეტის იერარქიული კიბის საკმაოდ მაღალ საფეხურზე იდგა. მის კალამს ეკუთვნის არაერთი პუბლიცისტური სტატია რეგიონულ და ზოგადქართულ პრობლემატიკაზე, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. 1988 წლიდან იგი რუსთაველის საინსტიტუტო საზოგადოების, 1990 წლიდან კი აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ. იგი გაბედულად შეებრძოლა იმჟამინდელ რეჟიმს და ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა მოსალოდნელი დიქტატურის წინააღმდეგ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემატიკის სხვადასხვა საკითხებს მიუძღვნა წიგნები: ,,ფიქრები ხვალინდელ დღეზე”, ,,გიორგობიდან გიორგობამდე”.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა