ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კიდევ ერთი წარმატებული საერთაშორისო დაცვა შედგა. „ლინგვისტიკის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, რიზეს უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექტორმა ოზნურ უსთა თუზჯუმ უმაღლესი შეფასებით დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე ,,თანამედროვე ტენდენციები ანდაზების განვითარებაში – ინტერტექსტუალური ხუმრობები (ანგლო–ამერიკული და თურქული ანტი–ანდაზების შეპირისპირების საფუძველზე)“, სამეცნიერო ხელმძღვანელი ასოც. პროფ. თეა შავლაძე. აღსანიშნავია, რომ ოზნურ უსტა თუზჯუმ სამაგისტრო პროგრამაც (,,ევროპეისტიკა“, ინგლისური ფილოლოგიის მოდული) ბსუ–ში გაიარა.
ოზნურ უსთა თუზჯუს სადოქტორო ნაშრომის საერთაშორისო ექსპერტი იყო ვერმონტის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი, პარემიოლოგიის ,,მამად“ აღიარებული, პროფესორი ვოლფგანგ მიდერი, რომელმაც უმაღლესი შეფასება მისცა დოქტორანტის ნაშრომს: ,,...ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობის 50 წლის მანძილზე არაერთი სადისერტაციო ნაშრომის შემფასებელი ვყოფილვარ, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შესაფასებლად წარმოდგენილი ნაშრომი ერთ–ერთი საუკეთესოა. გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ის ნაშრომია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიცეს წიგნად და გახდეს ფართო მასებისთვის ცნობილი. ამაში მე თავად აღვუთქვამ დოქტორანტს დახმარებას... ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ვყოფილიყავი ამ შესანიშნავი სადოქტორო ნაშრომის უცხოელი შემფასებელი. მიუხედავად ჩემი უდიდესი გამოცდილებისა ამ სფეროში, იშვიათად ყოფილა შემთხვევა, დოქტორანტისთვის მაქსიმალური 20 ქულა დამეწეროს. ეს სადოქტორო ნაშრომი უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. მინდა ეს უდიდესი წარმატება მივულოცო დოქტორანტს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს“.
უკან |