2022 წლის 2-3 ივნისს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „სტოკჰოლმი+50: ჯანმრთელი პლანეტა საყოველთაო კეთილდღეობისთვის - ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი შესაძლებლობა“. კონფერენცია ეძღვნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პირველი გარემოსდაცვითი კონფერენციის 50 წლის იუბილეს და „ლიდერთა დიალოგის“ ფორმატში განხილული იქნება გარემოს დაცვის აქტუალური თემები.
კონფერენციის პრობლემატიკა:
პლანეტის გაჯანსაღება და ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესება
COVID-19-ის პანდემიის შემდგომი აღდგენა
გარემოსდაცვითი მიმართულების გაძლიერება მდგრადი განვითარების კონტექსტში
კონფერენცია ითვალისწინებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მაქსიმალურ ჩართულობას, რათა გათვალისწინებული იყოს ყველას ხმა. ამიტომ, სტოკჰოლმის შეხვედრამდე რამდენიმე თვით ადრე, მსოფლიოს 58 ქვეყანაში ჩატარდება ეროვნული კონსულტაციები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, საგანმანათლებლო წრეები, სათემო და ახალგაზრდული ორგანიზაციები. ეროვნულ კონსულტაციებში ჩაერთვებიან არა მხოლოდ გარემოს დაცვის, არამედ სოციალურ და ადამიანთა უფლებების დაცვის, იურიდიულ, ეკონომიკურ და სხვა საკითხებზე მომუშავე ექსპერტები თუ ჯგუფები, რომელთა მოსაზრებები და/ან სამოქმედო გეგმები სტოკჰოლმის კონფერენციის განხილვის თემა იქნება.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ატარებს ეროვნულ საკონსულტაციო შეხვედრებს საქართველოშიც. კერძოდ, თბილისში, ბათუმსა და თელავში დაგეგმილია შეხვედრები, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ გამოხატონ თავისი მოსაზრებები და შეხედულებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ საყოველთაო კეთილდღეობას დედამიწაზე ადამიანების და გარემოს სასიკეთოდ. შეხვედრები ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში, რაც გულისხმობს როგორც ფიზიკურ მონაწილეობას, ასევე ჩართვას Zoom-ის პლატფორმის საშუალებით.
შეხვედრების თარიღები:
თბილისი - 14 აპრილი
თელავი - 19 აპრილი
ბათუმი - 28 აპრილი
საკონტაქტო პირი: ეკატერინე მიქაძე ekaterine.mikadze@undp.org
კონფერენცია შვედეთისა და კენიის მთავრობების მხარდაჭერით იმართება.
უკან |