ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა 1989 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლესთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები გაიხსენეს. უნივერსიტეტის ფოიეში 9 აპრილის ღამის ამსახველი ფოტო-ვიდეო ქრონიკის ჩვენება მოეწყო. ღონისძიების მონაწილეებმა 33 წლის წინ განვითარებულ მოვლენებსა და ისტორიული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეას და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შორის გაავლეს პარალელი.
სტუდენტებმა ქართულ პატრიოტულ სიმღერასთან ერთად, უკრაინული მუსიკალური ნომერი შეასრულეს. უნივერსიტეტელებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს 9 აპრილის ღამეს დაღუპულ გმირებს, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად სანთლები დაანთეს და მემორიალი ტიტებით შეამკეს.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა გამართეს კონფერენცია და 1989 წლის განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე მოხსენებები წარმოადგინეს. პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა მოხსენება წარმოადგინა თემაზე: „ეროვნული მოძრაობა საქართველოში მეოცე საუკუნის 70-80-იან წლებში, 9 აპრილის ტრაგედია“, პროფესორმა ჯემალ კარალიძემ - „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ და პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ - „9 აპრილის სამართლებრივი შეფასება“.
უკან |