ბსუ-ში ქართული ენის დღე აღინიშნა

სურათი

ქართული ენის დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. გაიმართა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული დოკუმენტების - „2021 – 2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა (სტრატეგია)“ და „2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის“ განხილვა.  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ცეცხლაძემ და  პროფესორმა მაია კიკვაძემ სტუდენტებს სახელმწიფო ენის სტრატეგია და განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი გააცნეს. დისკუსიაში ონლაინ რეჟიმში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსმა თინათინ ბოლქვაძემ და სახელმწიფო ენის ფუნქციონირების ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მარინე ბერიძემ.

დისკუსიის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის ეზოდან ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

14 აპრილი - ქართული ენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წელს  საქართველო წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ქართული ენის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად საპროტესო აქცია მოაწყო. ანალოგიური მასობრივი გამოსვლები დაიწყო ბათუმში, 1978 წლის 26 მაისს, მთავრობის სახლთან. სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, ამჯერად, ცვლილება აჭარის ა.რ. რესპუბლიკის კონსტიტუციაში უნდა შესულიყო. საპროტესტო მსვლელობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

სახელმწიფო ენის სტრატეგია არის საქართველოს სახელმწიფო ენების (ქართულისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართულთან ერთად აფხაზურის) 2021-2030 წლების განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი. ის  ხორციელდება ეტაპობრივად, სახელმწიფო უწყებათა ინტენსიური ჩართულობით, შედეგების მუდმივი დაკვირვებისა და ანალიზის ფონზე.

სახელმწიფო ენის სტრატეგიის მიზანია:

  • სახელმწიფო ენის, როგორც ქართული კულტურის, თვითგამოხატვის, თვითგანვითარების, სახელმწიფოებრიობის ინსტრუმენტის დაცვა და სწორი განვითარება მომავალში;
  • საქართველოს მოქალაქეთა თანამეგობრობის მდგრადი განვითარების მიზნებით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებების დაცვა და  ინდივიდისა და ქვეყნის წინსვლისკენ მიმართული პროცესების სრულყოფა;
  • ოკუპაციის პირობებში აფხაზური ენის, როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე პარალელურად აღიარებული სახელმწიფო ენის, კონსტიტუციური სტატუსის დაცვა;
  • ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების დაცვის მექანიზმები და დოკუმენტირება;
  • სახელმწიფო ენის სწავლების, კვლევის, დოკუმენტირებისათვის საჭირო ღონისძიებები და მომავალში მისი არსებობის გარანტიები.

 სახელმწიფო ენის სტრატეგიის ხედვა გულისხმობს 2030 წლისათვის ქართული ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის ქართული ენის დაცვასა და განვითარებას  საკანონმდებლო და საერთაშორისო  ვალდებულებების გათვალისწინებით.

 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის მიზანია სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ამასთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები:

  • ქართული და აფხაზური ენების  ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა;
  • სალიტერატურო ქართული ენის ნორმების რეგულარული განახლება და დანერგვა;
  • ქართულენოვანი ტერმინოლოგიის განვითარება;
  • ქართული ენის ფლობის დონეების ამაღლების ხელშეწყობა ფორმალური და არაფორმალური განათლების ყველა დონეზე;
  • აფხაზური ენის სწავლების ხელშეწყობა;
  • ქართველური ენებისა და აფხაზურის  ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა;
  • საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ენების სწავლებისა და კვლევის მხარდაჭერა.

დედაენის დღის აღსანიშნავად საზეიმო მსვლელობის ტრადიციას საფუძველი   ბათუმში,  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაეყარა და მასში ათეული წელია მთელი ქალაქი მონაწილეობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა