ბსუ-მ უკრაინიდან ჩამოსულ ქართული ენის შესწავლის მსურველ მოქალაქეებს უმასპინძლა

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკრაინიდან ჩამოსულ ქართული ენის შესწავლის მსურველ მოქალაქეებს და მათ შვილებს უმასპინძლა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით,  უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, რომელთაც  ქართული ენის შესწავლის სურვილი გამოთქვეს, სპეციალურად მათზე მორგებულ სასწავლო პროგრამას სთავაზობს. 
 
პროგრამის პრეზენტაციასა და უკრაინის მოქალაქეებისთვის ჩატარებულ ქართული ენის პირველ გაკვეთილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ბსუ-ს რექტორთან მერაბ ხალვაშთან და ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.   
 
მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა პატივისცემა და თანადგომა უკრაინელი ერის მიმართ და აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იზრუნებს საქართველოში მყოფ უკრაინის თითოეულ მოქალაქეზე.
 
ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ხალხისადმი და იმ მხარდამჭერ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკრაინასთან მიმართებაში განახორციელა. 
 
ქართული ენის შემსწავლელი უკრაინელთა პირველი ჯგუფი ბსუ-ში შეიკრიბა და მეცადინეობასაც შეუდგა. ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლამ მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლის სპეციალური პროგრამა - ქართული ენის მოკლე კურსი შეიმუშავა. აღნიშნული პროგრამა საქართველოში მყოფ უკრაინელებს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში შეისწავლონ ქართული ენა, რაც მათ ახალ გარემოსთან ადაპტაციასა და ადგილობრივებთან ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება. ქართული ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობის გათვალისწინებით, სკოლა მზადაა, მეცადინეობები ჰიბრიდულ ან სრულად დისტანციურ რეჟიმში განახორციელოს.
 
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული სხვა პირებისთვის, სახელმწიფო ენის სწავლებისა და მათი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, 2014 წლიდან სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას ახორციელებს.  პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
 
ამ ეტაპზე ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ბენეფიციარებზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების მეთოდების გამოყენებით, 27 სხვადასხვა პროგრამა და მოკლევადიანი კურსი  ხორციელდება როგორც დასწრებით ისე, დისტანციურ რეჟიმში. დღემდე აღნიშნული პროგრამებით ეროვნული უმცირესობის 23 000-ზე მეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის 6 857-მა პედაგოგმა, ისარგებლა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა