აკადემიკოს ნიკოლაე დურას ბსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

სურათი

ბსუ-ს აკადემიურმა საბჭომ რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, თეოლოგიის დოქტორს, კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის (რუმინეთი) რელიგიის კვლევისა და შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელს ნიკოლაე დურას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. პროფესორი ნიკოლაე დურა აქტიურადაა ჩართული ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო პროგრამების კოორდინირებაში, არის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების სარედაქციო საბჭოს წევრი და ინსტიტუტის ეგიდით გამართული არაერთი სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი. აკადემიკოსი ნიკოლაე დურა ხელს უწყობს ინტერდისციპლინური, ინტერკულტურული სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და სწავლებას. დიდია პროფესორ ნიკოლაე დურას წვლილი ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და განმტკიცების საქმეში.

მსოფლიო სამეცნიერო წრეებში პროფესორი ნიკოლაე დურა ცნობილია მულტიდისციპლინური კვლევებით - თეოლოგიისა და საეკლესიო სამართლის, რელიგიისა და სამართლის ფილოსოფიის სფეროში. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე წიგნი და 400-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა. პროფესორ ნიკოლაი დურას მონაწილეობა აქვს მიღებული 200-ზე მეტ კონფერენციაში.

აკადემიკოსი ნიკოლაე დურა ფლობს დოქტორის სამ ხარისხს, კერძოდ, ის გახლავთ კანონიკური სამართლის დოქტორი (ბუქარესტის უნივერსიტეტი), სამართლის დოქტორი და საკანონმდებლო სამართლის დოქტორი (საფრანგეთი). მან ასევე სორბონის უნივერსიტეტში (საფრანგეთი) დაასრულა დოქტორანტურა ფილოსოფიასა და ევროპული კულტურის ისტორიაში.

პროფესორ ნიკოლაე დურას საფრანგეთის პრეზიდენტისაგან მიღებული აქვს „ღირსების ეროვნული ორდენი“; რომის პაპის იოანე პავლე II-ისგან პონტიფიკოსის მედალი "Ut Unum Sint"; სხვადასხვა ქვეყნის პატრიარქისგან კი დაჯილდოებულია საპატიო ორდენითა და სიგელით. იგი გახლავთ ოვიდიუსის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, უკრაინისა და ბულგარეთის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

აკადემიკოსი ნიკოლაე დურა მიწვეული პროფესორია სხვადასხვა სადოქტორო სკოლაში. არის სამეცნიერო საბჭოს წევრი (ფილოსოფიური, კანონიკური, იურიდიული, საღვთისმეტყველო და ისტორიული სფეროები) შემდეგ ქვეყნებში: მოლდოვა, საქართველო, პოლონეთი, აშშ, კანადა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა