ბსუ-ს წარმომადგენლებმა „Erasmus+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის LoveDistance-ს შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

სურათი

4-7 ივლისს, ბარსელონაში „Erasmus+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LoveDistance) ფარგლებში მენეჯმენტის შუალედური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში, რომელსაც ბარსელონას უნივერსიტეტის IL-3 Lifelong Learning Institute-მა უმასპინძლა, ბსუ-დან მონაწილეობა მიიღეს პროექტის მენეჯერმა ნანა მაკარაძემ და მკვლევრებმა - ირაკლი კორძაიამ, ამირან შარაძემ და ნინო მიქელაძემ, რომლებიც ასევე ჩართული არიან კურსების პილოტირების პროცესში.


FUNIBER-თან ერთად ბარსელონაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  პროექტის პარტნიორი ინსტიტუციის - პორტოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, ვიგოს უნივერსიტეტის, კლუჟ ნაპოკას ტექნიკური უნივერსიტეტის (რუმინეთი), ილიას, თელავისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების (საქართველო), ონოს აკადემიური კოლეჯის, ლევინსკის განათლების კოლეჯი და MEITAL საუნივერსიტეტო ელექტრონული სწავლების ცენტრის (ისრაელი) წარმომადგენლებმა.

შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების გზებზე ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის პერსპექტივიდან. მონაწილეებმა განიხილეს პროექტის სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის ხარისხთან, მენეჯმენტთან, ფინანსებთან და კომუნიკაციასთან დაკავშირებული საკითხები. დაიგეგმა სამომავლო სამუშაოები, განსაკუთრებით 2022-2023 წელს კურსების პილოტირებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები შეთანხმდნენ ისრაელსა და საქართველოში მონიტორინგის ვიზიტების განხორციელების განრიგზე; მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ფინანსური საკითხების განხილვას, წარმოდგენილი იყო პროექტის როგორც საერთო ფინანსური მდგომარეობის ანალიზი, ასევე გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები პარტნიორი ინსტიტუციების მენეჯერებთან.


პროექტის მიზანია ისრაელიდან და საქართველოდან სტუდენტების გაძლიერება და მხარდაჭერის სერვისების მიწოდება და იგი ფოკუსირებულია სოციალურად დაუცველი ჯგუფების/სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშ მყოფი პირების, განსაკუთრებით კი - ეთნიკური უმცირესობების, დაუცველი ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების დახმარებაზე.

შეხვედრა იბეროამერიკის უნივერსიტეტის ფონდის (FUNIBER) ორგანიზებით გაიმართა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა