საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას განაგრძობს. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას იუსტიციის სამინისტროში გაივლიან და დამოუკიდებლად მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენენ. სამინისტრო ხელს შეუწყობს წარმატებულ სტუდენტთა დასაქმებას სამინისტროს სისტემაში.
ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა ბსუ-ში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საჯარო ლექცია „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით“ წაიკითხა. ლექციის თემა ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოება და საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად სამართლებრივი ბრძოლა იყო. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ინტერესების დაცვას საქართველოს სუვერენიტეტისა და შემდგომი დეოკუპაციისათვის, რა სამართლებრივ ბერკეტებს აძლევს საქართველოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციის ფაქტის დადასტურება, ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარება;
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა აგრეთვე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: რუსეთის ბრალეულობის დადგენა ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამებისთვის; სამხედროებისა და სამოქალაქო პირების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა ლექციაზე განიხილა ასევე ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერების გამოცემა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის“ მიმართ, აგრეთვე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ამოერიცხა ან დაუშვებლად ეცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 3,300-ზე მეტი საჩივარი, რომლებიც რუსეთის კოორდინაციით შევიდა.
ლექციის ბოლოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა სტუდენტების აქტუალურს შეკითხვებს უპასუხა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, აჭარის მთავრობის წევრები და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები.
უკან |