ბათუმის საერთაშორისო სეზონური სკოლა ლინგვოპოლიტოლოგიაში თემაზე: „პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის ერთობლივი საერთაშორისო სეზონური სკოლა გაიხსნა ლინგვოპოლიტოლოგიაში თემაზე: „პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში“. სეზონური სკოლა გახსნეს ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, პროექტის ხელმძღვანელმა, ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა მზია ხახუტაიშვილმა და პროექტის თანახელმძღვანელმა, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორმა მანანა თანდაშვილმა. ღონისძიება მიზნად ისახავს, წარმოაჩნოს როგორ აისახება პოლიტიკურ დისკურსში კულტურა, ,,სიძულვილის ენა“ და პოლიტიკური პოლარიზმის უარყოფითი ზეგავლენა მასობრივ ცნობიერებაზე.

 

სეზონური სკოლის მონაწილეები 6 დღის განმავლობაში გაეცნობიან: კომუნიკაციის ფორმებსა და მისი წარმართვის ენობრივ საშუალებებს; ქართული პოლიტიკური გამოსვლების არქიტექტონიკას, მანიპულაციის ლინგვისტურ და ექსტრალინგვისტურ საშუალებებს; პოლიტიკური მეტყველების კულტურას, პოლიტკორექტულობის არსს; გაერკვევიან პოლიტიკური დებატების არქიტექტონიკაში, კამათის არსსა და მიზნის მიღწევის სტრატეგიებში, პოლიტიკური მეტყველების არგუმენტაციულ სტრუქტურებში; პოლიტიკური მეტყველების ელექტრონული დოკუმენტირების უმნიშვნელოვანეს და ინოვაციურ საკითხებში. ასევე გათვითცნობიერდებიან ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკური ცნობიერების ამაღლების, პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღების, პოლიტკორექტულობის, პოლიტიკური ეთიკის წესების დაცვის აუცილებლობაში; დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული დემოკრატიის, როგორც საზოგადოებრივი წინსვლის აუცილებელი წინაპირობის, მისაღწევად პოლიტიკური კულტურის და დემოკრატიის ინდექსების გაზრდის საჭიროებაში.

სკოლის მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, გაიუმჯობესონ დებატების, დისკუსიის, პრეზენტაციის, პოლიტიკური დისკურსის ანალიზის უნარები.

 

სეზონური სკოლის ფარგლებში დაგეგმილ ლექციებს გაუძღვებიან:

მანანა თანდაშვილი - ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი (პროექტის თანახელმძღვანელი);

მარიამ ყამარაული - ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტი;

მზია ხახუტაიშვილი - ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი (პროექტის ხელმძღვანელი);

ნანა ცეცხლაძე - ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

ანა მდინარაძე (იურისტი);

ლევან ქათამაძე (ექსპერტი, ტრენერი);

თამარ ომიაძე - (ექსპერტი, ტრენერი);

მარიამ მათიაშვილი (თსუ);

ელენე ქადაგიშვილი (თსუ);

რუსუდან პაპიაშვილი (სტუ);

 ნუნუ ბახტაძე (ბსუ);

თათია ცეცხლაძე (ბსუ).

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლექციები შემდეგ თემებზე:

  • ენა და პოლიტიკა, პოლიტიკური მეტყველების კულტურა, პოლიტკორექტულობა;
  • პოლიტიკური გამოსვლების შედეგები ადამიანის უფლებების კონტექსტში;
  • კომუნიკაციის ფორმები და მისი წარმართვის ენობრივი საშუალებები;
  • პოლიტიკური გამოსვლების არქიტექტონიკა, მანიპულაციის ენობრივი საშუალებები, პერსუაზიის ენობრივი მექანიზმი;
  • პოლიტიკური დებატების არქიტექტონიკა, პოლიტიკური ზეპირმეტყველების ტექნიკა დებატებში;
  • კამათის არსი და მიზნის მიღწევის სტრატეგიები, არგუმენტაციული სტრუქტურები პოლიტიკურ მეტყველებაში;
  • პარალინგვისტური ფაქტორები ზეპირმეტყველებაში;
  • კომუნიკაციის თავისებურებები, შესაძლებლობები და გამოყენების მეთოდები მედია-კომუნიკაციაში;
  • სიძულვილის ენა (პოლიტიკური გამოსვლების სენტიმენტანალიზი);
  • მეტაფორა, როგორც პოლიტიკური გამოსვლების მნიშვნელოვანი ენობრივ-სტილისტიკური ხერხი;
  • ქართველ პოლიტიკოსთა მეტყველების სტილისტიკური ანალიზი;
  • ქართველ პოლიტიკოსთა მეტყველების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი;
  • პოლიტიკური მეტყველების ელექტრონული დოკუმენტირება.

ასევე, დაგეგმილია წიგნის, „ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების დისკურსის“,  პრეზენტაცია.

სეზონური სკოლა  აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა