ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი ისტორიკოსისა და პედაგოგის, მრავალი თაობის აღმზრდელის, უნივერსიტეტის ცოცხალი მემატიანის ნოდარ ბარამიძის გარდაცვალების გამო. სხვადასხვა დროს ბატონი ნოდარი კითხულობდა ლექციების კურსს ძველი მსოფლიოს, ანტიკური ქვეყნების, რუსეთის, აზია-აფრიკის ქვეყნების, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა, საქართველოს ისტორიაში. ნოდარ ბარამიძეს ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს ათობით სამეცნიერო გამოკვლევა, ასზე მეტი სტატია, რეცენზია და წერილი.
ბატონი ნოდარ ბარამიძე დაიბადა 1930 წლის 7 იანვარს ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში, გურიაში ცნობილი პედაგოგის ანტონ ბარამიძის ოჯახში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1949 წელს იგი ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ერთი წლის შემდეგ განათლების სამინისტრომ სტუდენტები გადაანაწილა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ასე მოუხდა ბატონ ნოდარს სწავლის გაგრძელება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა 1953 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ბატონი ნოდარ ბარამიძე მოღვაწეობდა ამავე სასწავლებელში პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის, დაწყებითი განათლებისა და პედაგოგიკა-მეთოდიკის და მსოფლიო ისტორიის კათედრებზე.
გამორჩეული იყო ნოდარ ბარამიძის პედაგოგიური საქმიანობა. იგი ერუდირებული, მაღალკვალიფიცირებული, უნიკალური მეხსიერების მქონე, მომთხოვნი, ერთი შეხედვით თითქოს მკაცრი, მაგრამ საოცრად გულისხმიერი ლექტორი იყო. მუდმივად მოწესრიგებული, პუნქტუალური, საქმიანი, ასეთი ახსოვთ იგი მის მრავალრიცხოვან აღზრდილებს. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა სასწავლო პროცესს, მისი ლექციები მეტად საინტერესო და ინფორმაციული იყო. ყველანაირად ცდილობდა ახალგაზრდების სწავლებისათვის ხელის შეწყობას. მისი მდიდარი ბიბლიოთეკითა და პირადი არქივით თავისუფლად სარგებლობდნენ როგორც სტუდენტები, ისე კოლეგები. ნებისმიერ საკითხზე შეიძლებოდა მისთვის საკონსულტაციოდ მიმართვა და კვალიფიციური პასუხისა თუ ბრძნული რჩევის მიღება.
ბატონი ნოდარ ბარამიძის ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობა აღინიშნა არაერთი ჯილდოთი. მინიჭებული ჰქონდა აჭარის განათლების დამსახურებული მოღვაწისა და დამსახურებული ლექტორის წოდება. დაჯილდოებული იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და აჭარის განათლების მუშაკთა პროფკავშირების საპატიო სიგელებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლითა და სიგელებით, სხვა მრავალი ჯილდოთი. მაგრამ ბატონი ნოდარისათვის მთავარი ჯილდო იყო ის განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც იგი დამსახურებულად იღებდა კოლეგების, კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების მხრიდან.
განუზომელია ბატონი ნოდარის დანაკლისი ჩვენი უნივერსიტეტისათვის, ქალაქისათვის.
უკან |