ბსუ-ში ლაბორატორიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების სასწავლო ლაბორატორია გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამის  „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ წარდგენა გაიმართა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების სასწავლო ლაბორატორია  გაიხსნა. ჯანმრთელობის და უსაფრთხოების სასწავლო ლაბორატორიაში გადამზადდა აჭარის რეგიონის 10 ადგილობრივი კადრი - ტრენერი და შეიქმნა ქართულენოვანი სახელმძღვანელო.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 250 მსმენელის გადამზადება, მათ შორის, ბსუ-ს ბაზაზე გადამზადდება 50 მსმენელი.

ღონისძიება გახსნეს და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ,  ბსუ-ს პროფესორმა, პროექტის კოორდინატორმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა, თსუ-ს პროფესორმა, პროექტის კოორდინატორმა ნინო ინასარიძემ,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ქეთევან ზარიძემ, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენელმა  ჯუმბერ აძუმბამ, პროექტის კოორდინატორმა, საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაციის წარმომადგენელმა ელენე ჩერქეზიამ. წარდგენას ასევე ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროგრამა ხელს შეუწყობს რეგიონში უწყვეტი განათლების მიმართულებით  სწავლების შესაძლებლობების გაფართოებას, უზრუნველყოფს პროფესიული უნარების გაძლიერებას, ზრდის ახალგაზრდა კადრების დასაქმების შესაძლებლობებს შესაბამის სფეროებში: კერძო და სახელმწიფო ლაბორატორიები, ფარმაცევტული, აგრო კვების ინდუსტრია, ჯანდაცვის ინსტიტუტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებები (უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლა) საბუნებისმეტყველო მიმართულებებით (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა). ასევე შესაძლებელია თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის სასწავლო მიზნით  გამოყენება ბიოლოგიის და მედიცინის მიმართულების სტუდენტებისათვის და ბიო სამედიცინო კვლევებისთვის.

პროფესიული გადამზადების პროგრამა შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში“ ფარგლებში, რომელმაც წარმატებით გაიარა აკრედიტაცია.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ოთხ უნივერსიტეტში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) დაინერგოს ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროფესიული გადამზადების პროგრამები. პროექტი, ასევე, ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების დასაქმებას, დასაქმების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.


სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიებში დასაქმებული პერსონალის უსაფრთხო ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების ამაღლება დასაქმების ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა კოვიდ 19 პანდემიის პირობებში. ამდენად ბსუ-ში მოქმედი აკრედიტებული პროფესიული გადამზადების კურსები „ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთოხება ძალიან მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონში ამ მიმართებით არსებული გამოწვევების  დაძლევის თავლსაზრისით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ხორციელდება ეროვნული კონსორციუმის მიერ: ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი), ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია. ბსუ წარმოდგენს პროექტის ერთ-ერთ ბენეფიციარს.

პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან: მილანის და ტერამოს უნივერსიტეტები (იტალია). იგი წარმოადგენს ევროკავშირის სექტორული რეფორმის განმახორციელებელი პროგრამის „დასაქმების ბაზრის საჭიროებების შესაბამისი უნარების განვითარების მხარდაჭერა/უნარები სამუშაოსთვის, მე-2 ფაზა“ ნაწილს, რომლის  მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას ადამიანური რესურსების გაძლიერებისა და  პროფესიული უნარების განვითარების გზით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა