გარდაიცვალა ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი გურამ ბახტაძე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა მძიმე დანაკლისი განიცადა, ნაადრევად, 58 წლის ასაკში, გარდაიცვალა გურამ ბახტაძე – ფილოლოგიის დოქტორი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

გურამ ბახტაძე შუახევის რაიონის სოფელ ტბეთში დაიბადა 1964 წლის 1 ივლისს და ამავე სოფელში მიიღო საშუალო განათლება. 1992 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „აჭარა მე-19 საუკუნის ქართველ მწერალთა შემოქმედებაში“.

1995 წლიდან მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრაზე. 2001 წლიდან ეკავა ამავე კათედრის დოცენტის თანამდებობა, 2006 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, კითხულობდა ლექციების კურსს მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიაში. 2008 წლიდან შეთავსებით მუშაობდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტში.

გურამ ბახტაძის კვლევითი ინტერესების სფეროში შედიოდა ქართული ლიტერატურული ინტერტექსტი და XIX საუკუნის ქართული მწერლობა. ამ საკითხებს ეძღვნება მისი სამეცნიერო პუბლიკაციების დიდი ნაწილი.

გურამ ბახტაძემ დატოვა შესანიშნავი ოჯახი და ფართო სამეგობრო წრე. კოლეგები და მადლიერი სტუდენტები არასდროს დაივიწყებენ მის გულითადობას, საქმისადმი ერთგულებას და გამორჩეულ პიროვნულ თვისებებს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბსუ-ს ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, გურამ ბახტაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებსა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა