„ერაზმუს+“–ის პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლებისა და სწავლის გამოყენებით" ექსპერტთა ვიზიტი ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი „ერაზმუს+“ –ის პროექტის ,,სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლებისა და სწავლის გამოყენებით" (Love Distance) ფარგლებში უცხოელი ექსპერტების ჯგუფს მასპინძლობს პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, რუმინეთიდან და ისრაელიდან.  ვიზიტის მიზანია პროექტის მიმდინარე შედეგების გაცნობა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან სამომავლო გეგმებზე შეთანხმება. ექსპერტები შეხვდნენ ბსუ-ს რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს. ექსპერტთა ჯგუფის წევრები ასევე გაეცნენ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და დაათვალიერეს პროექტის ფარგლებში ონლაინ-კურსების ჩასაწერად შეძენილი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია.

ბსუ „ერაზმუს+“-ის პროექტში „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლებისა და სწავლის გამოყენებით (Love Distance) 2020 წლიდანაა ჩართული ისუ-სა და თესაუ-სთან ერთად. აღნიშნულ პროექტში ჩართვა უნივერისტეტისთვის  დიდი გამოწვევა იყო, რადგან პროექტის დაფინანსების ეტაპზე, 2019 წელს საქართველოს განათლების სისტემისთვის დისტანციური სწავლების გამოცდილება მეტ-ნაკლებად უცხო იყო. პანდემიის პერიოდის გავლენით დისტანციური სწავლება აქტუალური გახდა და შესაბამისად, პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარა უნივერსიტეტს და პროექტის განმახორციელებელ პერსონალს სწავლების ტრადიციულ მეთოდებთან ერთად, ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება-დანერგვაში. შესაძლებელი გახდა ტრენერთა ტრენინგების ფარგლებში მიღებული და უცხოელი კოლეგებისგან გაზიარებული ინსტრუმენტების პილოტირება სხვადასხვა სასწავლო კურსის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან: სტუდენტებთან, საჯარო სკოლების მასწავლებლებთან, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენერებთან. აღნიშნული ტრენინგების მიზანს მსმენელთა IT კომპეტენციების ამაღლება, სასწავლო პროცესში/ტრენინგის დაგეგმვის დროს მრავალფეროვანი ციფრული რესურსების შექმნა-გამოყენების ხელშეწყობა და სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის/აპლიკაციის გაცნობა წარმოადგენდა.

უნივერსიტეტიდან პროექტში ჩართულმა პერსონალმა გადამზადების რამდენიმე ეტაპი გაიარა, რომელთა ფარგლებშიც გაეცნო ვირტუალურ სასწავლო გარემოში დიდაქტიკური პროგრამების შემუშავების ინსტრუმენტებს, ელექტრონული სწავლების სხვადასხვა მეთოდოლოგიას და ტექნიკას, ინოვაციურ საგანმანათლებლო მიდგომებს, რომლებიც დაფუძნებულია ICT–ზე, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმას და მათი გამოყენების სპეციფიკას.

უნივერსიტეტი სამომავლოდ გეგმავს ონლაინ კურსებისა და დისტანციური ტრენინგების ჩაწერასა და შეთავაზებას პროექტის სამიზნე ისეთი ძირითადი ჯგუფებისთვის, როგორიცაა: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, შორეულ, პერიფერიულ ადგილებში მყოფი მოსახლეობა, ადრეულ ქორწინებაში მყოფი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ა. შ. 

პროექტი 2023 წლის აგვისტოში დასრულდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა