ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 25 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 25 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა ფაკულტეტს იუბილე მიულოცა, მის ისტორიაზე, მიღწევებზე ისაუბრა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო - შოთა რუსთველის მედალი - გადასცა. ფაკულტეტს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის უფროსმა მერაბ დიასამიძემ, ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ღლონტმა, კურსდამთავრებულებმა, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბიზნეს სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

საიუბილეო საღამოზე ფაკულტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა, ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადასცა ფაკულტეტის ყოფილ დეკანებს, კურსდამთავრებულებს, საპატიო დოქტორებს, პარტნიორ ორგანიზაციებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს.

საიუბილეო საღამოზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია „ალდაგს“ შორის. მემორანდუმის ფარგლებში კომპანია საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის განახორციელებს სტაჟირების პროგრამას. ასევე, ამოქმედდება სასტიპენდიო პროგრამა,  ორგანიზაცია კონკურსის წესით შერჩეულ ერთ სტუდენტს ერთი წლის განმავლობაში ასლარიან სტიპენდიას გადასცემს.

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტის სახელწოდებით 1997 წელს, უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა. წლების მანძილზე ფაკულტეტი იზრდებოდა და ვითარდებოდა. ამჟამად, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ახორციელებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს და აერთიანებს 1 100 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტსა და 8 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს. აღსანიშნავია, რომ წამყვანი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანელები, კერძო კომპანიების მენეჯერები ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები არიან.


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საიუბილეო ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც 15 ქართული და 7 უცხოური უნივერსიტეტის 125 წარმომადგენელი მონაწილეობდა. გაიმართა საჯარო ლექციების ციკლი, რომელშიც წამყვანი ქართველი და უცხოელი მკვლევრები იღებდნენ მონაწილეობას. ასევე ჩატარდა პრაქტიკული ვორქშოფები და სხვადასხვა სტუდენტური აქტივობა.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა