2022 წელი ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრმა მნიშვნელოვანი მონოგრაფიებით დაასრულა. დაისტამბა რამდენიმე საყურადღებო მონოგრაფია, რომლებიც ავსებს ცოდნას ისტორიული სამხრეთ საქართველოს შესახებ. მკითხველმა მიიღო მამია ფაღავას, მერი ცინცაძის, მაია ბარამიძის მონოგრაფია „ქართული ენის შავშური დიალექტი“, თინა შიოშვილის მონოგრაფია - „ტაოური ფოლკლორი“, ზაზა შაშიკაძისა და მირიან მახარაძის მონოგრაფია - „იუსუფელის რაიონი (კაშხალთმშენებლობა, სოფლები და ძეგლები)“ და ზაზა შაშიკაძის, მირიან მახარაძისა და ალკაზარ კაშიას მონოგრაფია - „თურქეთის არქივებში დაცული დოკუმენტები საქართველოს შესახებ“.
1. მამია ფაღავა, მერი ცინცაძე, მაია ბარამიძე, ქართული ენის შავშური დიალექტი (გამომცემლობა ,,მერიდიანი“, თბ. 2022, 640 გვერდი. ISBN 978-9941-34-260-8).
მამია ფაღავას, მერი ცინცაძისა და მაია ბარამიძის ვრცელი მონოგრაფია ,,ქართული ენის შავშური დიალექტი“ პირველი ცდაა შავშეთის ლინგვისტური პორტრეტის შექმნისა. შავშური კილოს შესახებ მსჯელობს პროფესორი შუშანა ფუტკარაძე ,,ჩვენებურების ქართულის“ (ბათუმი 2016. იხ. თავი მეორე, იმერხეული, გვ. 32-173. შ. ფუტკარაძე აღნიშნულ დიალექტს იმერხეულს უწოდებს. იმერხეული კილოს მასალები შეტანილი აქვს წიგნში ,,ჩვენებურების ქართული“, წიგნი პირველი, ბათუმი, 1993 წელი, გვ. 192-295) მეორე წიგნში; ხსენებულ დიალექტზე ჩვენ ვმსჯელობთ მონოგრაფიაში ,,შავშეთი“ (თბ. 2011, გვ. 219-300; 366-471, 569-614), ასევე ცაკლეულ სტატიებსა თუ მოხსენებებში, რომლებიც იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში. როგორც ვხედავთ, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე ბევრი რამ გაკეთდა შავშურის შესასწავლად. ბარემ აღვნიშნავ, რომ შავშურ კილოს პირველად შეეხო აკადემიკოსი ნიკო მარი 1903 წელს შავშეთსა და კლარჯეთში მოგზაურობის დროს. გრიგოლ ხანძთელის კვალზე შემდგარმა მკვლევარმა ,,ათორმეტი სავანის“ ძიებაში მოიარა შავშეთისა და კლარჯეთის ის უბნები, სადაც ეგულებოდა წმ. გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებული მონასტრები, სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება მიაქცია ადგილობრივთა მეტყველებას, ჩაიწერა მეტყველების ნიმუშები და გამოაქვეყნა თავის ცნობილ ჩანაწერებში ,,შავშეთსა და კლარჯეთში მოგზაურობის დღიურები“ (იხ. Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзийского (введение, издание, перевод Н.Я. Марра) с дневником поездки в Шавшию и Кларджию. Кн. Тексты и разыскание по Армиано-Грузиской филологии, т. VII, СПБ. 1911 г. ,,დღიურების’’ ქართული თარგმანი დაიბეჭდა წიგნში: ნიკო მარი, შავშეთსა და კლარჯეთში მოგზაურობის დღიურები“, თარგმანი რევაზ დიასამიძისა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო მამია ფაღავამ. ბათუმი, 2012, მეორედ დაიბეჭდა 2015 წელს), რომელიც დაურთო გიორგი მერჩულის თხზულების მისეულ გამოცემას. აღვნიშნავთ, რომ ნიკო მარის შრომა იყო ერთადერთი წყარო ჭოროხის ხეობის მკვიდრთა მეტყველებისა თუ ფოლკლორის შესასწავლად გასული საუკუნის 90-იან წლებამდე, ვიდრე დაიბეჭდებოდა შ. ფუტკარაძის ,,ჩვენებურების ქართულის“ პირველი წიგნი...
ისტორიული შავშეთის მკვიდრთა მეტყველებას ,,იმერხეული“ უწოდა შუშანა ფუტკარაძემ (ტერმინი ნიკო მარისაა), უწოდა იმიტომაც, რომ ჩვენს დროში ქართულად მეტყველებს ისტორიული შავშეთის ერთ ხეობაში, იმერხევში გაშენებული ორ ათეულამდე სოფლის აბორიგენი მოსახლეობა, ქართული გადარჩენილია იმერხევის მეზობელ რამდენიმე სოფელშიც, ასევე ქართულად მეტყველებენ შავშ მუჰაჯირთა შთამომავლები თურქეთის შიგა პროვინციებში. ჩვენ, გავითვალისწინეთ რა ისტორიული, გეოგრაფიული თუ ეთნოლოგიური რეალობა, ხსენებულ ქვესისტემას ,,შავშური დიალექტი“// ,,შავშური კილო“ ვუწოდეთ და აჭარულთან, კლარჯულთან და ტაოურთან ერთად ერთ-ერთ სამხრულ კილოდ//დიალექტად მივიჩნიეთ.
კვლევები ემყარება ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მუდმივმოქმედი ექსპედიციის მიერ 2005-2009 წლებში ჩატარებულ საველე ექსპედიციების დროს შავშეთში ჩაწერილ დიალექტოლოგიურ, ფოლკლორულ და ონომასტიკურ მასალებს, ბუნებრივია, კვლევაში გათვალისწინებულია სხვათა ჩანაწერებიც.
მონოგრაფია რამდენიმე ნაწილისაგან შედგება:
პირველ ნაწილში დახასიათებულია შავშურის ფონეტიკური, გრამატიკული და ლექსიკური თავისებურებანი (გვ. 8-131). კვლევამ აჩვენა, რომ შავშური ქართული ენის მკვეთრად გამოკვეთილი ქვესისტემაა, და რომელიც სხვა სამხრულ კილოებთან ერთად ქმნის ქართული ენის დიალექტთა ერთ ჯგუფს, რომელსაც სამხრულ კილოებს/დიალექტებს ვუწოდებთ და მიგვაჩნია სამხრული მეტყველების დიფერენციაციის შედეგად.
ნაშრომის მეორე ნაწილი ეთმობა შავშეთის ონომასტიკას. მასში განხილულია შავშეთის ტოპონიმია, გვარ-სახელები შავშეთში, მცენარეთა სახელები, ჰიდრონიმია, პირუტყვის სახელები. მიგვაჩნია, რომ დიალექტის კვლევა ვერ იქნება ამომწურავი, თუ არ გავითვალისწინებთ ონომასტიკის მონაცემებს. დიალექტის ბევრი თავისებურება დაუნჯებულია ტოპონიმებში, მცენარეთა სახელებში, ჰიდრონიმიაში, ცხოველთა სახელებში. კვლევაში გამოყენებული მასალების უმეტესი ნაწილი ჩვენს მიერაა შეკრებილი (ჩვენმა ექსპედიციამ მოიარა შავშეთის ყველა ხეობა და სოფელი), მთლიანად გამოვიყენეთ სხვათა ჩანაწერები თუ ნაკვლევები... კვლევამ აჩვენა, რომ შავშეთი ისტორიული ქართული ქვეყანაა. და ამ დასკვნამდე მიგვიყვანა ონომასტიკის, განსაკუთრებით ტოპონიმიკის კვლევამ. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ასიმილაციის რთულ პროცესში ყველაზე ბოლოს ასიმილირდება მიწა. ადგილობრივი მოსახლეობა დაივიწყებს წინაპართა ენას, ტრადიციას, დაივიწყებს ბევრ სხვას, მიწა კი ინახავს ინფორმაციას აქ მცხოვრებთა შესახებ. ამიტომაც ფასეულად მიგვაჩნია იქსტორიული ქართული ქვეყნების ტოპოპნიმიკის კვლევა და ტოპონიმებში დაცული ინფორმაციის გაცხადება და გეოგრაფიული სახელების შენახვა...
მესამე ნაწილში შეტანილია შავშური დიალექტის მასალები და ლექსიკონი. მასალები ჩვენი ექსპედიციის მიერაა ჩაწერილი.
შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილი მონოგრაფია მისი ავტორების ხანგრძლივი კვლევის შეჯამებაა. გვჯერა, რომ იგი კარგ სამსახურს გაუწევს ქართული დიალექტოლოგიით, ისტორიული გეოგრაფიით, საქართველოს ეთნოლოგიით, ზოგადად ჭოროხის აუზით დაინტერესებულ მკვლევრებსა და მკითხველთ.
2. თინა შიოშვილი, ტაოური ფოლკლორი (გამომცემლობა ,,აჭარა“, ბათუმი, 2022 წელი, 421 გვ. ISBN 978-9941-500-02-2; UDC (უაკ) 821.353.1-91 (560) შ. 678)
მონოგრაფია ეძღვნება საქართველოს ძირძველი ისტორიული რეგიონის - ტაოს ზეპირსიტყვიერებას; იგი მოიცავს წინათქმას და სამ განყოფილებას: 1. გამოკვლევა, 2. ტექსტები, 3. შენიშვნები და ვარიანტები; დართული აქვს რეზიუმე ინგლისურ ენაზე, ბიბლოიგრაფია, ლექსიკონი და შემოკლებათა ნუსხა.
ტაოელთა ისტორიულმა მეხსიერებამ, მიუხედავად საუკუნეთა განმავლობაში თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში ყოფნისა, ბოლო დრომდე მეტ-ნაკლებად შემოინახა ქართული ხალხური სიტყვიერების თითქმის ყველა ჟანრი.
ტაოს ფოლკლორში, სამწუხაროდ, აღარ შემორჩენილა ტრადიციული ქართული ხალხური შრომის ლექს-სიმღერათა ყველა სახე; აქაურ ქართველებში ცოცხალ ფოლკლორულ ბრუნვაში ძირითადად გვხვდება წველის ლექს-სიმღერები, რაც პარხლისხეობის ქართულენოვან სოფლებში თავის დროზე დიდად განვითარებულმა მესაქონლეობის ტრადიციამ განაპირობა; დაფიქსირდა, აგრეთვე, ყანის თესვის ლექს-სიმღერა და ხსოვნა შრომაში ტრადიციული კოლექტიური დახმარებისა _ ნადისა, თუმცა ნადური ლექს-სიმღერები აღარ შემორჩათ.
ტაოელ ქართველთა ზეპირსიტყვიერებაში ბოლო დრომდე გვხვდება სატრფიალო შაირები, მინიატურები, ნატვრისა და ქების ლექს-სიმღერები, რომლებშიც გამოხატულია ქალ-ვაჟთა ტრფიალი და შეხედულებანი მიჯნურებაზე. ტაოური სატრფიალო პოეზიის ერთი ნაწილი ზოგადქართული ფოლკლორის (ძირითადად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კუთხეთა) ვარიანტებია, ნაწილი კი ადგილობრივი ხასიათისაა.
ტაოს ქართულენოვან სოფლებში ბოლო დრომდე შემონახულია ტრადიციული საქორწილო რიტუალისა და მასთან დაკავშირებული ლექს-სიმღერების ხსოვნა, თუმცა _ არა ისეთი მრავალფეროვნებით, როგორითაც _ შავშებმა, კლარჯებმა და მუჰაჯირთა შთამომავლებმა; თუმცა, ტაოს ზეპირსიტყვიერებაში დაფიქსირებული სასიძო-საპატარძლოს შერჩევისა და პატარძლის დასამოძღვრავი ლექს-სიმღერები ქართული ფოლკლორისტიკის ღირებული შენაძენია.
ტაოური საყოფაცხოვრებო პოეზია, ზოგადქართულის მსგავსად, ძირითადად ეძღვნება ოჯახურ ურთიერთობებს, სოფლებისა და მათი კუთხეების დახასიათებას, ადამიანთა მანკიერი თვისებების მხილებას, მოქალაქეობრივ მოვალეობებს, საახალწლო რიტუალს და ზოგადად _ სოციუმში მიმდინარე ყოველგვარ მოვლენას, რომელთა დიდი ნაწილი იუმორისტული ხასიათისაა.
ტაოურმა ზეპირსიტყვიერებამ შემოინახა ტრადიციული ქართული ხალხური შელოცვების ორი სახეობა: სამკურნალო და სამეურნეო. სამკურნალო შელოცვათა ტაოური ნიმუშები ძირითადად ზოგადქართულ შელოცვათა ვარიანტებია; მათ ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ ტრადიციული არქაული ელემენტები, რაც ქართული ფოლკლორისტიკისათვის ძალზე მნიშვნელოვანია.
სამეურნეო შელოცვათაგან ტაოს ფოლკლორში ძირითადად გვხვდება ნისლის შელოცვათა ნიმუშები, თუმცა, სამწუხაროდ, მივიწყებულია ამინდის მაგიური მართვის _ “ლაზარობის” რიტუალი და მასთან დაკავშირებული ტექსტები; თუმცა, ტაოელთა ისტორიულმა მეხსიერებამ შემოინახა წვიმის გამოსაწვევი რიტუალი, რომელიც შესაწირავის (“ყურბანი”) დაკვლასა და წყალში ქვების ჩაყრაში გამოიხატება, რაც დასტურდება, აგრეთვე, აჭარულ, შავშურ და კლარჯულ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ ყოფაში.
ტაოს ზეპირსიტყვიერებაში დასტურდება მარადიული გაზაფხულის, ანუ შეჩერებული დრო-ჟამის, წყლის განმასახიერებელი ქალღვთაებისა და კოსმოგონიური მითოსი; ნარატივები დემონურ პერსონაჟებზე და “ამირანიანის” გეოგრაფიული ნაკვალევი.
ტაოს მარადიული გაზაფხულის მითოსი, ზოგადქართულისაგან განსხვავებით, უკავშირდება არა თამარ მეფის “ოქროს ხანას”, არამედ _ ქრისტიანულ ღვთისმსახურებას; ტაოური მითოსური პერსონაჟი _ წყლის ქალღვთაება “ფერი”, ანუ “დეკაცი”, საქართველოს ყველა კუთხეში დადასტურებული წყლის ქალღვთაებისაგან განსხვავებით, ბოლომდე დემონიზებული არ არის, შემორჩენილი აქვს ღვთაებრივი ნიშნები.
ტაოს ტოპონიმიკურმა მონაცემებმა ბევრი სიცხადე შეიტანა “ამირანიანის” გენეზისის საკითხში, რამდენადაც ტაოში დღემდეა შემორჩენილი ტრადიცული ბალხის თემი თავისი უბნებით (დიდი ბალხი, პატარა ბალხი, ბალხიბარი); ტაოშივე შემორჩენილა ტოპონიმები “ქაჯიკარი” და “კალმახეთი”, რაც დასტურია იმისა, რომ “ამირანიანში” არ არის დარღვეული ეპიკური ტრადიცია და მითოსურ გმირს ნამდვილად აქვს ასპარეზი თავისსავე სოციუმში.
ტაოელმა ქართველებმა, სამწუხაროდ, ვერ შემოინახეს წყლისა და ხმელეთის დასაბამიერი ბრძოლის ამსახველი ვრცელი, სრულყოფილი კოსმოგონიური მითოსური ნარატივი, მაგრამ ის, რაც შემორჩათ, ადასტურებს, რომ ამ მითის დონეზეც ტაოელ ქართველთა მსოფლგაგება ერთიანი ქართული სივრცის ორგანული ნაწილია.
ტაოს ფოლკლორულმა შემოქმედებამ ბოლო დრომდე ვერ შემოინახა დიდი წარღვნის ლეგენდები, თუმცა ვხვდებით ადგილობრივი გენეზისის მცირე წარღვნის ლეგენდათა ვარიანტებს და თქმულება-გადმოცემებს თამარ მეფის ციკლის სამშენებლო თემატიკასა და ტაოს გამუსლიმანებაზე.
ტაოს ზეპირსიტყვიერებას შემორჩა სიტყვის მაგიური ძალის რწმენაზე დაფუძნებული მცირე ჟანრის ზეპირსიტყვიერი ნიმუშები _ წყევლა და დალოცვა. ეს არქაული ლაპიდარული ფორმულები, რომლებიც ერთმანეთის ანტითეზები და ზოგადქართულის ვარიანტებია, ძალზე ღირებულ ცოდნას გვაძლევს ტაოელთა ყოფა-ცხოვრებაზე, მათ სულიერ მისწრაფებებზე.
ტაოს ფოლკლორული შემოქმედების და ზოგადად ტაოელთა მეტყველების ერთ-ერთი სამშვენისია ქართული ხალხური ანდაზები, რომელთა დიდი ნაწილი ზოგადქართულის იდენტური ვარიანტები ან მათი პერიფრაზებია.
ქართული ხალხური სიტყვიერების ერთ-ერთი არქაული ჟანრი _ გამოცანა ტაოელი ქართველების ფოლკლორულ შემოქმედებაში დღემდე აქტიურ სამეტყველო ბრუნვაშია, რაც, ანდაზებთან ერთად, მათი ქართული მეტყველების სიმდიდრეს განაპირობებს.
მახვილსიტყვაობა, ანუ ანეკდოტი, ტაოელ ქართველთა ფოლკლორული შემოქმედების აქტიური ჟანრია. მათი დიდი ნაწილი ხოჯა ნასრედინის ციკლისაა, ნაწილში კი წარმოჩენილია ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე საყოფაცხოვრებო იუმორი; მათში, როგორც ზეპირსიტყვიერების ამ ჟანრს ახასიათებს, ლაკონურად არის გადმოცემული გონებამახვილური ჩანაფიქრი, რაც უმტკივნეულო მხილების გზით სოციუმის კათარზისს ემსახურება.
ტაოელთა ისტორიულმა მეხსიერებამ ბოლო დრომდე შემოინახა საბავშვო ფოლკლორის ისეთი ჟანრები, როგორიცაა სააკვნო და შესაქცევარი ლექს-სიმღერები და საბავშვო თამაშობა “... ცერამ თქვა...”, რომლებიც ზოგადქართულის ვარიანტებია და სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდას ემსახურებიან.
წინამდებარე მონოგრაფია არის პირველი წარმატებული ცდა ისტორიული სამხრეთ საქართველოს სიტყვიერების შესწავლისა. ტაოური ზეპირსიტყვიერების მასალების აბსოლუტური უმეტესობა ავტორის მიერაა შეკრებილი ველზე საველე ექსპედიციების დროს. მკვლევარს სამეცნიერო მიმოქცევაში შემოაქვს სრულიად ახალი მასალები, რაც ზრდის წარმოდგენილი შრომის მეცნიერულ ღირებულებას.
ქართულ ისტორიოგრაფიას მნიშვნელოვანი ნაკვლევები შესძინეს ,,ქართველოლოგიის ცენტრის“ მკვლევრებმა, პროფესორმა ზაზა შაშიკაძემ, ასისტენტ პროფესორმა ალკაზარ კაშიამ და თსუ ასოცირებულმა პროფესორმა მირიან მახარაძემ. შრომები შესრულებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. გთავაზობთ ინფორმაციებს ხსენებული მონოგრაფიების შესახებ:
1. მირიან მახარაძე, ზაზა შაშიკაძე, იუსუფელის რაიონი
(კაშხალთმშენებლობა, სოფლები და ძეგლები) (გამომცემლობა ,,უნივერსალი“, თბილისი, 2022, 260 გვერდი. A-4 ფორმატი, ISBN 978-9941-33-351-4)
თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში მოქცეული ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტერიტორიებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა დღევანდელი იუსუფელის რაიონი (თურქ. İlçe). მასში 61 სოფელია გაერთიანებული. აღნიშნულ სოფლებში დღესაც მრავლადაა ქართული ისტორიული ძეგლები. შემორჩენილია სოფლები, სადაც დღემდე საუბრობენ ქართულ ენაზე. არის ისეთებიც, სადაც ქართული ენა დავიწყებული აქვთ, მაგრამ მოსახლეობამ იცის, რომ ადგილობრივია და მათი წინაპრები ქართველები იყვნენ. ზოგიერთ სოფელში - საერთოდ უცხო, მოსული ხალხი ცხოვრობს.
1959 წელს თურქეთის რესპუბლიკაში, სპეციალური კანონით, ყველა სოფლის და დასახლებული პუნქტის არათურქული სახელწოდება უნდა შეცვლილიყო თურქულით. ქვეყნის მასშტაბით 12 000-მდე სოფელს გადაერქვა სახელი, მათ შორის იყო ისტორიული ქართული სოფლებიც. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ მოსახლეობაში დღემდე შემორჩენილია და ახლაც იყენებენ ძველ ქართულ დასახელებებს.
XX ს-ის 60-იანი წლებიდან თურქეთის სახელისუფლო წრეებში დაისვა საკითხი მდინარე ჭოროხისა და მისი აუზის წყლის მარაგის მაქსიმალური გამოყენებისა და ელექტროენერგიის გამომუშავებასთან დაკავშირებით. შედგა არაერთი პროექტი, რომლის უშუალოდ განხორციელება დაიწყო გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან. ჰესების მშენებლობა დაიგეგმა როგორც მთავარ არტერიაზე - მდინარე ჭოროხზე, ისე მის შენაკადებზე. დაგეგმილი 10 მძლავრი ჰიდროელექტროსადგურიდან, ამჟამად დასრულებულია ექვსის მშენებლობა, მიმდინარეობს ერთის, ხოლო სამზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.
მათ შორის ერთ-ერთი უმსხვილესია იუსუფელის ჰიდროელექტროსადგური. მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობისა, პროექტი მაინც გახორციელდა. იუსუფელის კაშხლის მშენებლობა ამჟამად დასრულებულია და მიმდინარეობს წყალშეკავება. წყლის ქვეშ ექცევა მცირე ქალაქი იუსუფელი და მიმდებარე ტერიტორიები. ახალი ქალაქი გაშენდა დღევანდელი იუსუფელის ჩრდილოეთით უფრო მაღლა, ვრცელ მთაგორიან ტერიტორიაზე და დაახლოებით 500 მეტრით არის დაშორებული ამჟამინდელი იუსუფელიდან.
XX ს-ის 90-იანი წლებიდან საქართველოში დიდი ინტერესი გაჩნდა თურქეთში, მდინარე ჭოროხზე მიმდინარე კაშხლების მშენებლობის მიმართ. ქართველების ყურადღება გამოწვეულია იმით, რომ: 1. აღნიშნული კაშხლები ძირითადად შენდება ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, სადაც არაერთი ქართული ძეგლია. ინტერესი, თუ რა გავლენას იქონიებდა დაგეგმილი და მიმდინარე მშენებლობები აღნიშნულ ძეგლებზე; და 2. ჭოროხის აუზში კაშხლების მშენებლობა ზრდის ეკოლოგიურ რისკებს ჩვენი ქვეყნისათვის.
წყალსაცავი, რომელიც წარმოიქმნება იუსუფელის კაშხლისა და ჰესის მშენებლობის შედეგად, მთლიანად ჩაძირავს ქალაქ იუსუფელის და 3 სოფელს. გარდა ამისა, წყლის ქვეშ აღმოჩნდება 16 სოფლის ტერიტორიების ნაწილი.
ნაშრომში ვრცლად და დაწვრილებით არის განხილული ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იუსუფელის კაშხალზე და მის მიერ გამოწვეულ ცვლილებებზე, მათ შორის მოსალოდნელზეც.
მონოგრაფია ილუსტრირებულია ფოტომასალით. მასში მოცემულია ინფორმაცია ყველა სოფლის შესახებ ვიზუალურ მასალასთან ერთად. ბოლო ნაწილში ცალკე არის გამოტანილი თექვსმეტი სოფელი, რომლებშიც მდებარეობს მნიშვნელოვანი ქართული ისტორიული ძეგლები - ციხეები და ეკლესია-მონასტრები. აღნიშნული სოფლების ისტორია წარმოდგენილია შედარებით ვრცლად და გამოყენებულია ახალი, მათ შორის სააღწერო საარქივო მასალა.
2. მირიან მახარაძე, ზაზა შაშიკაძე, ალკაზარ კაშია, თურქეთის არქივებში დაცული დოკუმენტები საქართველოს შესახებ (რეზიუმირებული კატალოგი) (ორ ტომად: ტ. 1, გამომცემლობა ,,უნივერსალი“, თბილისი, 2022, ISBN 978-9941-33-367-5; A4 ფორმატის 480 გვ. ტ.2, ISBN 978-9941-33-368-2, A4 ფორმატის 365 გვ.)
ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების ოსმალეთის მიერ დაპყრობის შემდეგ, ქართულ წყაროებში მათ შესახებ თითქმის არაფერია გადმოცემული. აღნიშნული დროიდან, აქ, როგორც იმპერიის ერთ-ერთ პროვინციაში, ყოველგვარი დოკუმენტი, ნარატიული წყარო, თუ სხვა, ოსმალურ ენაზე იქმნებოდა. ნიშანდობლივია, რომ ოსმალეთის იმპერიაში საისტორიო ლიტერატურის შექმნას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. გარდა ამისა არსებობდა სახელმწიფო დოკუმენტაციის შექმნის უდიდესი ტრადიცია. საუკუნეების განმავლობაში შექმნილ ამ უდიდეს მემკვიდრეობას თურქეთის რესპუბლიკაშიც დიდი ყურადღებით მოეკიდნენ. თითოეული დოკუმენტი, ამა თუ იმ არქივში, საგანგებოდ არის დაცული. დოკუმენტები იმდენად მრავლად არის შემორჩენილი, რომ ზოგიერთ არქივში ბოლო წლებამდე მიმდინარეობს მათი სისტემატიზაცია და კატალოგიზაცია.
არსებობს ოსმალობის დროს ქართული სამეფო სამთავროებისა და ოსმალეთის ქართული პროვინციების შესახებ შექმნილი უამრავი დოკუმენტი: ნარატიულ ძეგლებთან ერთად ვხვდებით დოკუმენტურ წყაროებს, როგორიცაა - ხალხის აღწერისა და სხვა სახის სარეესტრო, მუჰიმე, რუზნამჩე, ჯიზიე თუ სხვა ტიპის დავთრები, სულთნის წერილები, ფირმანები, ბარათები, ქუჩუქ ბარათები, არზუჰალები, ჰუქმები და სხვა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა იმპერიის სახელმწიფო დაწესებულებებში. დღეს ეს დოკუმენტები ერთადერთი და საუკეთესო წყაროა ამა თუ იმ რეგიონის, ქართული მატერიალური, თუ სულიერი მემკვიდრეობის და ზოგადად ქართულ-ოსმალური ურთიერთობის ისტორიის შესწავლისათვის. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქართულ წყაროებში ამ მხრივ უდიდეს ნაკლოვანებას განვიცდით.
გასული საუკუნის 90-იანი წლებამდე, ცნობილი გარემოებების გამო, ქართველ მეცნიერთათვის მიუწვდომელი იყო აღნიშნული წყაროები. ისინი იცნობდნენ მხოლოდ საქართველოში შემორჩენილ, ან სხვადასხვა გზით მოპოვებულ რამდენიმე წყაროს. 90-იანი წლებიდან მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცათ ემუშავათ მეზობელ სახელმწიფოში. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მეცნიერთა მცირე ჯგუფმა წლების განმავლობაში პერიოდულად იმუშავა და მოახერხა დოკუმენტთა გარკვეული რაოდენობის მოპოვება, გადაღება და მხოლოდ მცირე ნაწილის დამუშავება თარგმნა და გამოცემა.
მოცემულ ეტაპზე, მირიან მახარაძემ, ზაზა შაშიკაძემ და ალკაზარ კაშიამ პირველ ტომში, რომელიც გამოიცა ორ ნაწილად, თავი მოუყარეს თურქეთის საპრეზიდენტო საარქივო სამმართველოს სტამბოლის ოსმალური არქივის 35 ფონდიდან 7 ფონდში დაცულ მასალას საქართველოს შესახზებ. ფონდები თავის მხრივ ქვეფონდებისგან შედგება. წარმოდგენილი ტომის ორივე წიგნში ერთიანად 10 ათასზე მეტი რეზიუმეა შეტანილი, რომელიც აღნიშნულ ფონდებში ინახებოდა. დანარჩენი ფონდების დამუშავება მომავლის საქმედ რჩება და ამ კუთხით მუშაობა ისევ გრძელდება.
რეზიუმეებში მოცემულია მოკლე შინაარსი კონკრეტული დოკუმენტებისა, თარიღის და საარქივო შიფრის მითითებით. მათში თავმოყრილია ინფორმაცია ყველა დოკუმენტზე, მიუხედავად იმისა თუ რა ღირებულება გააჩნია მას და მასში დაცულ ცნობებს, როგორც საისტორიო წყაროს. ნებისმიერი დოკუმენტი მკვლევრების მხრიდან შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საისტორიო წყარო.
უკან |