წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ბსუ-ში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა და „ბათუმის წყლის“ დირექტორმა ალექსანდრე მჟავანაძემ ახალგაზრდებს წყლის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მესამე კურსის სტუდენტებმა მირანდა პაქსაძემ და სალომე გოგიტიძემ მოსწავლეებს გააცნეს წყლის არსი, მნიშვნელობა, დაბინძურების ფაქტორები, გასუფთავების ხერხები და ქიმიის როლი ამ პროცესში.

ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მოსწავლეებისათვის სახალისო ცდები ჩაატარეს და ვიქტორინა გამართეს წყლის თემაზე. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო ყველა მონაწილეს - სერტიფიკატი.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს  ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის, ბათუმის №1, №2, №14 საჯარო სკოლების, სკოლა „განათლების“, ქართულ-ფრანგული სკოლის, სკოლა „თამარისის“ და სენაკის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება. დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებასა და მის დაცვას.

ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისა და „ბათუმის წყლის“ ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა