ბსუ მეორე საერთაშორისო კონფერენციას „ადრეული განათლება და ზრუნვა“ მასპინძლობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეორე საერთაშორისო კონფერენციას „ადრეული განათლება და ზრუნვა“ მასპინძლობს. ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობენ ადრეული განათლების სფეროს ექსპერტები, პრაქტიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, განავითარონ თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ წინსვლას ადრეული განათლებისა და ზრუნვის სფეროში. ფორუმზე 100-მდე მონაწილე საქართველოდან და უცხოეთიდან მოხსენებას წარმოადგენს და მონაწილეობას მიიღებს თემატურ პანელურ დისკუსიებში კონფერენციის მთავარი თემის ირგვლივ: „თამაში: ხარისხიანი ადრეული განათლებისა და ზრუნვის საფუძველი“. ხაზი გაესმება თამაშის გადამწყვეტ როლს ბავშვების განვითარებასა და სწავლაში.

საერთაშორისო ფორუმი გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით  მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ანზორ ბერიძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ, გაეროს ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა სოფიო კილაძემ, საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მრჩეველმა ადრეული განათლების პოლიტიკის საკითხებში, მასაჰირო კატომ.

კონფერენციის მიზანია თამაშის მნიშვნელობის ხაზგასმით ხელისუფლების წარმომადგენელები, აღმზრდელები და მზრუნველები შთააგონოს ადრეული განათლებისა და ზრუნვის გარემოში თამაშზე დაფუძნებული მიდგომების ინტეგრირებაში.

კონფერენციის სესიები შეეხება თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას, დაკვირვებას, დოკუმენტირებას, ბავშვების სწავლისა და განვითარების შეფასებას, ასევე მშობლების, ოჯახების, საზოგადოებისა და სკოლამდელი დაწესებულებების გადამწყვეტ როლს თამაშზე დაფუძნებულ სწავლებაში. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება პროფესიულ კომპეტენციებსა და განვითარებაზე, რომლებიც აუცილებელია თამაშზე დაფუძნებული სწავლის ხელშეწყობისთვის, ასევე ინკლუზიურ პრაქტიკაზე, რომელიც ითვალისწინებს კულტურულ და ენობრივ მრავალფეროვნებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის თამაშის ხელშეწყობას.

კონფერენციანდელ სემინარებზე პრაქტიკოსებმა მიიღეს ღირებული ინფორმაცია ადრეული განათლებისა და ზრუნვის პრაქტიკასთან დაკავშირებულ თემებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკის განხილვის მიზნით  გაიმართა მრგვალი მაგიდის შეხვედრები ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებმაც განიხილეს ეფექტიანი სტრატეგიები მუნიციპალური პოლიტიკის საშუალებით თამაშის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. ვებინარები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა მუსიკისა და დრამატურგიის ელემენტები თამაშში და ადრეული და სკოლამდელი განათლების ალტერნატიული მოდელები.

ხარისხიანი ადრეული განათლება და ზრუნვა არის ბავშვის უწყვეტი განვითარებისა და კეთილდღეობის ქვაკუთხედი. ერთიანი მიდგომის შეთავაზებით, რომელიც მოიცავს გონებრივ, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას, მზადდება ნიადაგი ბავშვებისთვის აუცილებელი უნარებისა და კომპეტენციების შესაძენად. თამაშზე დაფუძნებული სწავლება ავითარებს შემოქმედებითობას და წარმოსახვას. თამაშის საშუალებით ბავშვები იკვლევენ სხვადასხვა როლს, სცენარსა და იდეას, აფართოებენ შემოქმედებით აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებს და აძლიერებენ ურთიერთობის უნარებს.

მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ გაეროს ბავშვთა ფონდის, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერით იმართება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა