ბსუ-ში „იდეატორთა კლუბის“ შეჯამება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ იდეატორთა/STEM და მკითხველთა კლუბების პროექტების შეჯამება და დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მიესალმა „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ მენეჯერი ბსუ-ში, ასოცირებული პროფესორ ნანა მაკარაძე. პროგრამის დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა თემატიკაზე  განხორციელებული პროექტები.

კლუბები აჭარისა და გურიის რეგიონების 9 მუნიციპალიტეტიდან შერჩეულ 10  სკოლაში ჩამოყალიბდა, თითოეულ კლუბში გაწევრიანდა IV-VI კლასის მოსწავლეები. კლუბების ფუნქციონირებისა და გუნდური პროექტების განხორციელების პროცესს, ბიზნესის და სკოლის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, უძღვებოდნენ ბსუ-ს, როგორც „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, პროგრამის ტრენერები და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.

იდეატორთა და მკითხველთა კლუბები ითვალისწინებდა უნივერსიტეტის, სკოლისა და ბიზნესის სექტორის თანამშრომლობით პროექტების დაგეგმვა-მომზადებას და ამ გზით დაწყებითი კლასების მოსწავლეებში ბიზნეს-იდეების განვითარებას. კლუბები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს უვითარებს, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტა.  მოსწავლეებმა ერთად შეარჩიეს პრობლემა და აქტიურად ითანამშრომლეს მისი გადაჭრის გზების მოსაძიებლად.

პროექტებში მონაწილეობდნენ შემდეგი სკოლები:

  • სოფელ ჩაქვის №1 საჯარო სკოლა; - თემატიკა - „მოგზაური“;
  • შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლა; თემატიკა - „ჩირუხის ყვავილები”;
  • ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლა; თემატიკა -,,კერკი და ბავშვები“;
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლა, თემატიკა - „მომავლის სხივები“
  • ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლა, თემატიკა - ,,სამნაწილიანი ტურისტული ნაგებობა“;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლა, თემატიკა  - „წიგნი ჩვენი მეგობარია“;
  • რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა; თემატიკა „ჩვენ გვიყვარს კითხვა“;
  • ქალაქ ბათუმის №27 საჯარო სკოლა, თემატიკა - „მწიგნობრები“;
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლა, თემატიკა - „ფურცელ ფურცელ შეგროვილი ცოდნა“;
  • ემზარ წილოსანის სახელობის ქალაქ ლანჩხუთის №2 საჯარო სკოლა;, თემატიკა - „წიგნის კვალდაკვალ“.

თავისი ბიზნეს-საქმიანობის მოსწავლეებისთვის გასაცნობად და პროექტების განსახორციელებლად უნივერსიტეტთან თანამშრომლობდა შემდეგი ორგანიზაციები: შპს „ნეოფარმი“ (აფთიაქების ქსელი), ხილის საწარმო „კერკი“, „ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგური“, სასტუმრო და რესტორანი „შატო ივერი“, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლების ქსელი „პროგრესი“. „კითხვის კლუბების“ სპონსორებია გამოცემლობა „წიგნები ბათუმში“, აჭარის მწერალთა სახლი, „ორბი ჯგუფი“, შპს „ნოვა“ და საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ნივთების სადისტრიბუციო კომპანია ,,პროვაიდერ.ჯი“.

ბსუ 2020 წლიდან ახორციელებს „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამას“. პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია საქართველოს საჯარო სკოლებში კლასგარეშე აქტივობების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სახის კლუბის (იდეატორთა კლუბი/STEAM კლუბი/წიგნის მეგობარი/მკითხველთა კლუბი) ამოქმედება, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის, სკოლისა და ბიზნესის სექტორის თანამშრომლობით პროექტების დაგეგმვა-მომზადებას და ამ გზით დაწყებითი კლასების მოსწავლეებში ბიზნეს-იდეების განვითარებას. 

იდეატორთა კლუბის ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები და  სერტიფიკატები გადაეცა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა