ჰორიზონ 2020-ის საგრანტო პროექტის „ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძე, ბსუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი თამარ სირაძე, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი, აჭარის ა.რ. საჯარო სკოლის დირექტორები და მასწავლებლები.
შეხვედრაზე პროექტის მენეჯერმა, ასოცირებულმა პროფესორმა მადონა მიქელაძემ დამსწრე საზოგადოებას პროექტის ძირითადი შედეგები გააცნო. სკოლებში ციფრული ინოვაციების დანერგვის ხელშემწყობის მიზნით, შემუშავდა რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელი, რომლის პილოტირება აჭარის 5 საჯარო სკოლაში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე შემუშავდა ციფრული ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობის მეთოდოლოგიური გზამკვლევი და ელექტრონული სახელმძღვანელო.
შეხვედრაზე ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო მიქელაძემ ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას მასწავლებლების ციფრული კომპეტენციის ამაღლების კუთხით და შეხვედრის მონაწილეებს პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გაუზიარა.
აჭარის საპილოტე სკოლების მასწავლებლებს გადაეცათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ხოლო სკოლებს სპეციალური პოსტერები.
უკან |