ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70 სტუდენტი სწავლასა და სტაჟირებას ევროპის ქვეყნებში გაივლის. ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გერმანიაში, ხოლო ბაკალავრის 12 სტუდენტი სწავლას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში განაგრძობს. სტუდენტებს პროექტში გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
სტუდენტების გერმანიაში გამგზავრება აჭარის მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამული დაფინანსებით (82 720 ლარი) განხორციელდა. საერთაშორისო სასწავლო პრაქტიკა გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტს, გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
სტუდენტები 3-თვიან პრაქტიკას გერმანიის მაღალი კლასის სასტუმროებში გაივლიან და გაეცნობიან სასტუმროს ყველა ძირითადი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებას. პრაქტიკის განმავლობაში, გერმანული მხარე სრულად უზრუნველყოფს სტუდენტების ღამისთევას, კვებას და სტიპენდიას 500-1100 ევროს ოდენობით. ახალგაზრდები თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, ჩაერთვებიან სასტუმროს ყოველდღიურ საქმიანობაში, გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც მათ მომავალში, საერთაშორისო ტურისტული მომსახურების ბაზარზე წარმატებით დასაქმების საშუალებას მისცემს.
ტურიზმის ფაკულტეტი ყოველწლიურად, გაზაფხულის სემესტრის ბოლოს, ორგანიზებას უწევს ტურიზმის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის ,,დამატებითი სპეციალობის“/,,minor”) სტუდენტების გერმანიის ტურიზმის ინდუსტრიის ორგანიზაციებში საწარმოო პრაქტიკის გავლას და 2013 წლიდან დღემდე საწარმოო პრაქტიკა ბსუ-ს 700-მდე სტუდენტმა გაიარა.
სტუდენტების შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას და ინგლისური/გერმანული ენის ცოდნას.
უკან |