,,ERASMUS+“-ის საგრანტო პროექტის „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (PROMENT)“ მენეჯერი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე და მკვლევარი, მოწვეული მასწავლებელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ელისო ძნელაძე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო ვიზიტით 10-დან 14 ივლისის ჩათვლით ავსტრიაში, ვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TU WIEN) რექტორის მოადგილემ, კურტ მატიასმა პროექტის მონაწილეებს გააცნო ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ისტორია, საქმიანობა, ფაკულტეტები და მიმართულებები.
ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების (კარიერული ცენტრი, ვენის უნივერსიტეტის სტუდენტთა ასოციაცია, ადამიანური რესურსებისა და გენდერის განყოფილება, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება და ა.შ.) წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს სტუდენტთა მხარდაჭერისა და ხელშეწყობის სხვადასხვა პროექტები: პირველკურსელთა მენტორობის AKMATH და FAME პროგრამები; გაუზიარეს მენტორობისა და ტუტორობის სქემების დანერგვის გამოცდილება მათემატიკასა და ფიზიკაში სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისთვის; ისაუბრეს თანამშრომელი და სტუდენტი ქალებისთვის კარიერული წარმატების მისაღწევად შექმნილ ხელსაყრელ პირობებზე. წარმოდგენილი იყო GESTU-ის და TU Barrierfrei-ის მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც სმენადაქვეითებულ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე სტუდენტებს სწავლების თანაბარი შესაძლებლობების მიღებაში ეხმარება.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
უკან |