სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორ ტომას იონტერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. პროფესორმა ტომას იონტერმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბსუ-ს განვითარებასა და ინტერნაციონალიზაციაში. განსაკუთრებულია მისი დამსახურება ბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის რეაკრედიტაციისა და საერთაშორისო და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამების შემუშავებაში. იგი არის პროექტის „ბათუმის საზაფხულო უნივერისტეტი“ ერთ-ერთი ავტორი, რომელსაც ბსუ მერვედ მასპინძლობს და ეხება გლობალური უსაფრთოების აქტუალურ საკითხებს.
განუსაზღვრელია პროფესორ ტომას იონტერის როლი ბსუ-ს მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის „ღია მმართველობა როგორც საჯარო მმართველობის რეფორმირების ახალი მოდელის შესწავლა საქართველოს მაგალითზე“ საერთაშორისო ასპექტების კუთხით. პროფესორ ტომას იონტერის ჩართულობით პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპაეტამენტის წევრების კვლევითი უნარების განვითარების მიზნით ჩატარდა ონლაინ ტრეინინგები თემაზე - „აკადემიური წერა მკვლევართათვის“ და „როგორ გამოვაქვეყნოთ პუბლიკაციები მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში“.
პროფესორ ტომას იონტერის კვლევითი საქმიანობის მიმართულებას წარმოადგენს ბირთული იარაღის გავრცელების საერთაშორისო ისტორია, ბირთვული იარაღის კონტროლისა და გაუვრცელებლობის საკითხი. აღნიშნული მიმართულებით მას არა ერთ საერთაშორისო პროექტში აქვს მიღებული მონაწილეობა, რომელთა ფარგლებში თანამშრომლობდა ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა: ვუდრო ვილსონის საერთაშორისო მკვლევართა ცენტრი, შვედური პუგვაში და სხვა. მის სამეცნიერო მუშაობას მხარს უჭერს სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევითი გრანტები, კერძოდ, კარნეგის კორპორაცია, შვედეთის კვლევითი საბჭო. იგი არის 5 მონოგრაფიის, 4 სახელმძღვანელოსა და ათობით სამეცნიერო სტატიის ავტორი.
პროფესორი ტომას იონტერი მრავალი ორგანიზაციისა და საბჭოს წევრი არის, მათ შორის შვედეთის საერთაშორისო სამართლისა და განიარაღების კომისიის, „ბირთვული განათლების“ პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს და სხვ. ასევე იგი მონაწილეობდა შვედეთის დელეგაციის კონსულტირების პროცესში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციისას.
უკან |