გარდაიცვალა ბსუ-ს პროფესორი მიხეილ მახარაძე

სურათი

77 წლის ასაკში გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, მიხეილ მახარაძე. სხვადასხვა წლებში მიხეილ მახარაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ქართული ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ჟურნალ „მაცნეს“ ფილოსოფიის სერიის მთავარი რედაქტორი.

მიხეილ მახარაძე იკვლევდა ფილოსოფიის ისტორიას,  შუა საუკუნეების ფილოსოფიას,  ქართული ფილოსოფიის ისტორიას, კულტურის ფილოსოფიას, რენესანსისა და  ჰუმანიზმის აქტუალურ პრობლემებს. მან დატოვა მდიდარი მემკვიდრეობა,  მრავალრიცხოვანი პუბლიკაციები, მონოგრაფიები, სამეცნიერო ნაშრომები და სტატიები.  

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი რედაქტორობით მომზადებული და გამოცემული „ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის“ ოთხტომეული, რომელიც 2011 წელს აღინიშნა ეროვნული პრემიით მეცნიერების დარგში.

1993 წლიდან მიხეილ მახარაძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო-პოპულარული, ლიტერატურული, მხატვრული და  პუბლიცისტური კრებული.

მიხეილ მახარაძე იყო აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე: იყო საქართველოს პარლამენტის წევრი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორი მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

მიხეილ მახარაძის პოლიტიკურ მოღვაწეობა გამოირჩეოდა ადამიანური ღირსებით, პრინციპულობით და სახელმწიფოებრივი აზროვნებით.

პროფესორ მახარაძის მრავალმხრივი ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობა სათანადოდ იყო შეფასებული სახელმწიფო ჯილდოებით და პრემიებით: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2012 წ.),

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (2007 წ.), შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემიით (2005 წ.), ღირსების ორდენით (2004 წ.), საქართველოს სახელმწიფო პრემიით ლიტერატურის, ხელოვნების და არქიტექტურის დარგში (პუბლიცისტიკა) (2004 წ.);

პროფ. მიხეილ მახარაძე იყო შესანიშნავი პიროვნება, პედაგოგი, მეგობარი, კოლეგა, უაღრესად თავმდაბალი და გულისხმიერი ადამიანი.

დიდია მისი ღვაწლი აჭარის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მას უზომოდ უყვარდა თავისი კუთხე.

მიხეილ მახარაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მისი კოლეგებისთვის და მეგობრებისათვის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, რეგიონისა და  ქვეყნის სამეცნიერო  საზოგადოებისათვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა