ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბსუ-ს ყოფილი რექტორის, ემერიტის-პროფესორის, აღიარებული არქეოლოგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, თაობათა აღმზრდელის, ღირსების ორდენის და ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემიის მფლობელის, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დამაარსებლის, ამირან კახიძის გარდაცვალების გამო. ათწლეულების განმავლობაში პროფესორი ამირან კახიძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას - სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში არქეოლოგიის სკოლა შექმნა, ახალი მეცნიერული მიმართულებები ჩამოაყალიბა და მკლევართა რამდენიმე თაობა აღზარდა.
ღვაწლმოსილი მეცნიერის კვლევის ძირითადი ობიექტი იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი ძეგლი - ფიჭვნარის ნაქალაქარი და მასთან დაკავშირებული ვრცელი სამაროვნები. მიუხედავად იმისა, რომ მოღვაწეობის ხანგრძლივ გზაზე არაერთ ექსპედიციაში მონაწილეობდა, 65-წლიანი კვლევის ძირითადმა ობიექტმა, ფიჭვნარმა მეცნიერი მსოფლიოში ცნობილ ანტიკოსად აქცია. იგი არაერთგზის იყო მიწვეული ოქსფორდის უნივერსიტეტში, ვოლოსში (საბერძნეთი), საარბრიუკენში, ბოხუმში, ვისბადენში (გერმანია), თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოლონეთში და სხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, პროფესორმა ამირან კახიძემ 1961-64 წლებში ქართული არქეოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძედებლის, აკად. ანდრია აფაქიძის ხელმძღვანელობით გაიარა ასპირანტურის სრული კურსი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1981 წელს სადოქტორო დისერტაციები. აკადემიის ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმსა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური კვლევის ცენტრში მოღვაწეობის პერიოდში პროფ. ამირან კახიძემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციაში (პეტრა-ციხისძირი, ლეღვა-ჯიხანჯური, ხუცუბანი, ჩაქვისწყლის ხეობა, ბათუმის ციხე, მახვილაური, გონიო-აფსაროსი, კოლოტაური, კვაშტა, ჭვანისციხე, სხალთის ეკლესია, ვერნები, ხიხაძირი, კალოთა, თხილვანა, ციხისფერდი, ვანაძეები და სხვ.). იგი ჩრდილოშავიზღვისპირეთის ზოგიერთი ექსპედიციის მონაწილეცაა, მაგრამ მაინც, პროფესორი ამირან კახიძის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი კვლევის ძირითად ობიექტს ფიჭვნარის ნაქალაქარი და ვრცელი სამაროვნები წარმოადგენს, რომლის მსგავსი ძეგლი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არცაა ცნობილი. სწორედ, ფიჭვნარის მასალის შესწავლითა და გამოქვეყნებით იგი იქცა მსოფლიოში ცნობილ ანტიკოსად.
1998 წლიდან პროფესორი ამირან კახიძე ხელმძღვანელობს საქართველო-ბრიტანეთის ფიჭვნარის ერთობლივ საერთაშორისო ექსპედიციას, რომელიც ყოველწლიურად მეტად ნაყოფიერ საველე სამუშაოებს ახორციელებს ფიჭვნარის როგორც ნაქალაქარის, ასევე სამაროვნების ტერიტორიაზე. 1999 წლიდან პროფ. ამირან კახიძე გონიო-აფსაროსის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელიცაა. ასე, რომ მისი ხელმძღვანელობით მოწყობილმა ექსპედიციებმა ჩვენი ქვეყნის და, საერთოდაც, საკაცობრიო ცივილიზაციის საგანძური გაამდიდრა უახლესი, ბევრ შემთხვევაში უნიკალური აღმოჩენებით.
ამ პირველწყაროთა კვლევის შედეგად პროფესორმა ამირან კახიძემ შექმნა მდიდარი და მრავალი ასპექტის მომცველი მეცნიერული მემკვიდრეობა. შესაბამისად, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ კვლევა-ძიებაში ჩამოაყალიბა ახალი მეცნიერული მიმართულებანი.
პროფესორ ამირან კახიძის ნაშრომებში ნაჩვენებია, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველო განეკუთვნება საკაცობრიო ცივილიზაციის იმ კერათა რიცხვს, სადაც პირველად დაიწყო მითვისებითი მეურნეობიდან (შემგროვებლობა, ნადირობა, თევზჭერა) მწარმოებლურ, კულტურულ მეურნეობაზე გადასვლა (მხედველობაშია მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, ფეიქრობისა და მეთუნეობის ადრეული ფორმები).
აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძვ.წ. VIII-VI ათასწლეულების ნეოლითური ხანის ძეგლების მიხედვით (ბეშუმი, ყიშლა, მახვილაური, ჩაისუბანი, სახალვაშო, ჩოლოქი, ჯიხანჯური, ხუცუბანი, სოფ. ქობულეთი, კვირიკე და სხვ.), ირკვევა, რომ შესაბამისად ნოვატორული ცვლილებები მოხდა ქვის იარაღთა დამზადებს ტექნოლოგიაში (გაპრიალება, გახეხვა, გახვრეტა და ა.შ.).
უახლესი აღმოჩენების მიხედვით პროფესორი ამირან კახიძე მიდის დასკვნამდე, რომ საკვლევი ტერიტორიის მცხოვრებთა მორიგი პროგრესი ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანას უკავშირდება (ძვ.წ. V-III ათასწლეულები). სათავე დაედო ქვის ხანიდან ლითონის საუკუნეზე გადასვლას. ჭოროხის აუზი მსოფლიოში ცნობილი სხვა ცენტრების მსგავსად (კარპატები, ურალი, ტიან-შანი და სხვ.) განეკუთვნება უძველესი მეტალოგენური კერების რიცხვს.
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ცნობილმა მეცნიერმა მომდევნო ეპოქების, კერძოდ, შუა და გვიანბრიჯაო-ადრერკინის ხანის კვლევის სფეროშიც (ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარი - ძვ.წ. VIII-VII სს.) შესძავლის საქმეში. არსებითია იმის აღიარება, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, გურია-აჭარა და მდ. ჭოროხის აუზი წარმოადგენდა ტომობრივი კოლხური კულტურის დედა-სამშობლოს, ამიერკავკასიის უძველესი სახელმწიფოებრივი გაერთიანებების (დიაოხი, კოლხა) აკვანს. მკვლევარი ფიქრობს, რომ სწორედ ამ ადგილებს უკავშირდება უძველესი ბერძნული მითი არგონავტების შესახებ.
მაგრამ მაინც, პროფესორმა ამირან კახიძემ ფუნდამენტური, თანმიმდევრული საველე არქეოლოგიური და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები განახორციელა ანტიკური ხანის (ძვ.წ. VI - ახ.წ. IV სს) ისტორიისა და კულტურის კვლევის თვალსაზრისით. ასპირანტობის წლებიდან დაწყებული მეცნიერის კვლევის ძირითად ობიექტს ფიჭვნარის ანტიკური ხანის ნაქალაქარი და ვრცელი სამაროვნები წარმოადგენს. ფიჭვნარი პონტოსპირეთის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლთაგანია, რომელიც არაერთი ქვეყნის მეცნიერთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ვფიქრობთ, საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ პროფესორ ამირან კახიძის ხელმძღვანელობით 1998 წლიდან მეტად საინტერესო საველე და სამეცნიერო სამუშაოები წარმოებს ქალაქ ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმის ბერძნულ-რომაული დეპარატამენტის თანამშრომლებთან ერთად მაიკლ ვიკერსის თაოსნობით. წლების მანძილზე ფიჭვნარის ერთობლივ ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ჩვენი, ისე სხვადასხვა ქვეყნის იმ სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა, რომლებიც სწავლების კურსს ოქსფორდის უნივერსიტეტში გადიან. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ფიჭვნარი იქცა საერთაშორისო ფენომენად.
პირველ ხანებში პროფესორ ამირან კახიძის კვლევის საგანს წარმოადგენდა ფიჭვნარის ნაქალაქარი, რომლის თითქმის 100 ჰექტარზე შესანიშნავადაა შემონახული გვიანბრინჯაო-ადრერკინის, კლასიკური, ელინისტური და ადრეშუასაუკუნეების მძლავრი კულტურული ფენები. კვლევის შედეგებს მიეძღვნა ცალკეული სამეცნიერო სტატიები და მონოგრაფიები.
ნაქალაქარის პარალელურად გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე ფართო სამუშაოები განხორციელდა თვით პროფესორ ამირან კახიძის მიერ მიკვლეული სამაროვნების შესასწავლად. პირველ რიგში, აღსანიშნავია, ძვ.წ. V საუკუნის კოლხური სამაროვანი. მდიდარი და მრავალფეროვანი სამარხეული ინვენტარის შესწავლის საფუძველზე მეცნიერი ასკვნის, რომ ძვ.წ. I ათასწლეულის შუახანებისათვის დასრულებულია ადრეკლასობრივი საზოგადოების, ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების, ვაჭართა ფენის ფორმირების პროცესი; ადგილობრივი კოლხური მოსახლეობა ჩაბმულია მსოფლიო ისტორიულ პროცესებში; მჭიდრო კონტაქტები აქვს დამყარებული ანტიკურ, კერძოდ, ბერძნული სამყაროს სხვადასხვა საყოველთაოდ ცნობილ ცენტრებთან. დასტურდება, რომ კლასიკურ ხანაში კოლხური კულტურა თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურს აღწევს.
მორიგი ძეგლი ფიჭვნარის ძვ.წ. V-IV საუკუნეების ბერძნული ნეკროპოლია. ელინურ ეთნოსთან უშუალოდ დაკავშირებული მეორე სამაროვანი ამიერკავკასიაში ჯერჯერობით არცაა ცნობილი. შესანიშნავად დაცული სამარხეული კომპლექსები თუ სააღაპო მოედნები უმდიდრეს ნივთიერ მასალას იძლევა ლეგენდარული კოლხეთისა და ელინური სამყაროს კონტაქტების კვლევისათვის. ამ მონაცემების მიხედვით, პროფესორმა ამირან კახიძემ საგანგებოდ შეისწავლა ბერძნული კოლონიზაციის ხასიათი და გამოყო იონიური და ატიკური ეტაპები. ფიჭვნარის ელინური დასახლება დაუკავშირა საბერძნეთის მატერიკულ ცენტრ ათენს.
პროფესორმა ამირან კახიძემ მდიდარი პარალელური მასალის მოზიდვით, მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნის სიძველეთსაცავებში დაცული მასალის გამოყენებით, ქართულ თუ უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული ნაშრომებით სამეცნიერო მიმოქცევაში შეიყვანა ბერძნულ ნეკროპოლზე აღმოჩენილი სხვადასხვა საწარმოო ცენტრის (ქიოსი, ლესბოსი, სამოსი, თაზოსი, ქალქიდიკა, სინოპა, ჰერაკლეა) კერამიკული ტარის, სადა თუ მოხატული ატიკური ვაზების, ტერაკოტული ფიგურების, ტორევტიკისა და საიუველირო ხელოვნების, სხვადასხვა სახის სამკაულების, ნუმიზმატიკური ძეგლების (ინტერლოკალური მონეტები, ქიზიკინები, პანტიკაპეიონის, ნიმფეის, თეოდოსიის, სინოპის, ამისოს, სირაკუზის საფასურები, კოლხურების უნიკალური უკნინესი ნომინალები, ე.წ. ჰემიტეტრატემორიონები) და ფერადი მინის ჭურჭლის სხვადასხვა სახეობანი, რომელთა მსგავსი ადრე უცნობი იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისათვის.
კიდევ უფრო ვრცელ ტერიტორიაზეა გაშლილი ელინიზმის ეპოქის (ძვ.წ. IV-II სს) ფიჭვნარის სამაროვანი. აქაც სახეზეა მეტად საინტერესო, მდიდარი, მრავალფეროვანი და ბევრი ნოვაციის შემცველი არქეოლოგიური მასალა; მათი კვლევის შედეგად პროფ. ამირან კახიძე მიდის დასკვნამდე, რომ ბერძენ-მაკედონელთა ექსპანსია პირველ ქართულ სახელმწიფოებს კოლხეთსა და იბერიას უშუალოდ არ შეხებია. მიუხედავად ამისა, ელინისტურ სახელმწიფოებთან მეტ-ნაკლებმა საშუამავლო კონტაქტებმა ჩვენი ქვეყანაც მოაქცია ელინიზმის სფეროში. სწორედ, ამ ეპოქისათვის განიცდიან აღმავლობას აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის საქალაქო ცენტრები. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთი კვლავაც მსოფლიო ისტორიული პროცესების აქტიური მონაწილეა.
საგანგებო აღნიშვნის ღირსია პროფესორ ამირან კახიძის მიერ ფიჭვნარში მიკვლეული ადრექრისტიანული ხანის ბაზილიკური ეკლესიის ნაშთები და სამარხეული კომპლექსები. მსგავსი ხასიათის თანადროული ძეგლი საქართველოს ზღვისპირეთიდან ადრე უცნობი იყო. მნიშვნელოვანია პროფესორ ამირან კახიძის წვლილი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ანტიკური ხანის სხვა ძეგლების კვლევის საქმეში. ამათ რიცხვს მიეკუთვნება ბათუმის ციხის ურბანიზებული სამოსახლო, მახვილაურის, კოლოტაურისა და კვაშტის უძველესი საფორტიფიკაციო დასახლებები, გონიო-აფსაროსის რომაული ხანის კასტელი და ა.შ.
ფიჭვნარის უახლეს მასალებზე დაყრდნობით უკანასკნელ წლებში ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსცა მონოგრაფიები: „ფიჭვნარი I - კოლხები და ბერძნები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში“ (მაიკლ ვიკერსის თანაავტორობით); „ფიჭვნარი II - ანტიკური სამყარო აღმოსავლეთ შავიზღისპირეთში“ და სხვა. აღნიშნულმა ნაშრომებმა როგორც ქართულ, ისე იცხოურ სამეცნიერო წრეებში გამოცემისთანავე ჰპოვა ფართო აღიარება. პროფესორმა ამირან კახიძემ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ნ. ვაშაკიძესთან ერთად გამოსცა ვრცელი მონოგრაფია „ელინიზმი და კოლხეთი“, რომელშიც შევიდა გურია-აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძვ.წ. IV-II საუკუნეების ნეკროპოლები. ხოლო პროფესორ მაიკლ ვიკერსთან ერთად გამოაქვეყნა საქართველო-ბრიტანეთის ფიჭვნარის ერთობლივი ექსპედიციის შედეგებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიები.
პროფესორმა ამირან კახიძემ ნაყოფიერი მუშაობა გასწია „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ მრავალტომეულის შექმნაში, როგორც ავტორმა, მთავარი რედაქტორის მოადგილემ, პირველი ტომის თანარედაქტორმა და შემდგომში მთავარმა რედაქტორმა. ცნობილი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტ პროფ. დავით ხახუტაიშვილის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმის ბოლომდე მიყვანის ფუნქცია სწორედ პროფესორმა ამირან კახიძემ იკისრა.
სახელოვანი მეცნიერის საყოველთაო აღიარების დასტურია ის, რომ იგი არაერთგზის იყო მიწვეული ოქსფორდის უნივერსიტეტში, ვოლოსში (საბერძნეთი), საარბრიუკენში, ბოხუმში, ვისბადენში (გერმანია), თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოლონეთში და სხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში.
საველე არქეოლოგიური და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობსთან ერთად განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ პროფესორმა ამირან კახიძემ სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში პროფესორ დავით ხახუტაიშვილთან ერთად, შექმნა არქეოლოგიის მძლავრი სკოლა, მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა მკლევართა თაობები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ რეგიონში არსებულ სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში.
პროფესორ ამირან კახიძის ინიციატივით, 1994 წელს, ბათუმში დაარსდა არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც მოკლე ხანში იქცა ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთ მნიშვნელოვან კულტურულ–საგანმნათლებლო და სამეცნიერო კერად. მის სახელთანაა დაკავშირებული მუზეუმის სტრუქტურული ორგანიზაცია, აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ეპოქის ნივთიერი კულტურის ძეგლების ფონდებში განთავსება, ექსპონატების მეცნიერული დამუშავება და კატალოგიზაცია, ფოტო-ლაბორატორიისა და არქივის მოწყობა, საექსპედიციო და საგამომცემლო საქმის წარმოება და ა.შ. 2007 წელს პროფ. ამირან კახიძის კონცეფციის მიხედვით, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნა მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელმაც სპეციალისტებსა და სტუმარ-დამთვალიერებელს შორის მაღალი შეფასება დაიმსახურა.
პროფესორი ამირან კახიძე 40 წელზე მეტი ხნინ სგანმავლობაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამეცნიერო და სასწავლო პროცესში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მას მიენიჭა ემერიტუსის წოდება.
პროფესორი ამირან კახიძე ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური საზოგადოებრივი პოზიციითა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შეგრძნებით. შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე უფრო კრიტიკულ მომენტში უნივრსიტეტის პროფესორ–მასწავლებელებმა და სტუდენტებმა რექტორის მოვალეობის შესრულება სწორედ ბატონ ამირან კახიძეს თხოვეს (2004-2005 წ.წ.). ბატონმა ამირანმა მოკლე დროში გამოიყვანა უნივერსიტეტი შექმნილი სიტუაციიდან და საზოგადოებას უნივერსიტეტის მიმართ ნდობა დაუბრუნა.
ღვაწლმოსილი მეცნიერის, მრავალი თაობის აღმზრდელისა და შესანიშნავი მოქალაქის პროფესორ ამირან კახიძის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი უნივერსიტეტის თითქმის საუკუნოვან ისტორიაში.
უკან |