11-12 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პირველ საერთაშორისო კონფერენციას “მესამე მისიის როლი უნივერსიტეტებში - ადგილობრივი და გლობალური პერსპექტივა“. კონფერენცია გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ფარგლებში.
SQUARE პროექტის დასკვნითი კონფერენციის მიზანი იყო უნივერსიტეტის მესამე მისიით დაინტერესებული მხარეები ერთ სივრცეში შეეკრიბა და გაემართა დისკუსიები ადგილობრივი და გლობალური პერსპექტივიდან ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა მე-3 მისიის გამოწვევები უნივერსიტეტებში, უნივერსიტეტის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა, სამთავრობო ხელისუფლება და მათი როლი, უნივერსიტეტი-მრეწველობის თანამშრომლობა და უნივერსიტეტები ძლიერი საზოგადოებისთვის. საერთაშორისო კონფერენციას ადგილზე 110 მონაწილე ესწრებოდა.
კონფერენციაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ: ასოცირებული პროფესორი ჟუჟუნა გუმბარიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ნათია წიკლაშვილი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ჟანა ჯიბლაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო დოლიძე და მთავარი ბუღალტერი თამარ მესხიძე.
კონფერენციაზე ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ჟუჟუნა გუმბარიძემ წარადგინა მოხსენება საზოგადოების განვითარებაში ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის როლზე, სადაც ფსიქო-სოციალურ დახმარებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ან რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს, ახალგაზრდებს, მათი ოჯახის წევრებს, შშმ და გსსმ პირებს. ასევე, გარემოს დაცვის მიმართულებით ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საქმიანობაზე, რომელიც რეგიონისა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს, დაცვას, გონივრულ გამოყენებას და საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება.
,,ერაზმუს+“-ის პროექტი ითვალისწინებდა უნივერსიტეტების 3M-ის აქტივობების აღწერას, მათ ანალიზს, სტრატეგიულ დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას, უნივერსიტეტის უმაღლესი მენეჯმენტისა და პერსონალის შესაძლებლობების გათვალისწინებით. პროექტის საქმიანობამ საფუძველი დაუდო ფუნდამენტურ ცვლილებებს საქართველოს უნივერსიტეტების პოლიტიკაში ინსტიტუციურ დონეზე. პროექტის შედეგები წარმოადგენს ეროვნული გარე ხარისხის სისტემის განახლების ბაზისს და იძლევა უმაღლესი სასწავლებლების მენეჯმენტის განახლების საფუძველს გაიდლაინებისა და სწავლების, კვლევასა და საზოგადოებისთვის გაწეულ სერვისებს შორის კავშირის გაუმჯობესების მიმართულებით.
უნივერსიტეტის მესამე მისია გულისხმობს უნივერსიტეტის საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას და ორიენტირებულია, გაზარდოს საუნივერსიტეტო საზოგადოების შესაძლებლობები, სწორად დაგეგმოს მესამე მისიის აქტივობები და შეაფასოს შედეგები.
უკან |