ბსუ-ს მთავარი შიდა აუდიტორის სამსახურში მიღების წესი განსაზღვრავს მთავარი შიდა აუდიტორის საქმიანობის მიზანს, ამოცანებს, საქმიანობის მიმართულებებს, უფლება-მოვალეობებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და სამსახურში მიღების რეგულაციას.
მთავარი შიდა აუდიტორის საქმიანობის ძირითადი მიზანია ობიექტური და რისკზე დაფუძნებული რწმუნების, კონსულტაციისა და პროფესიული გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნისა და ხედვების გაზიარების გზით, უზრუნველყოს ბსუ-ს საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას.
შიდა აუდიტის ამოცანაა უნივერსიტეტის საქმიანობის პროცესში საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის, რესურსების პროდუქტიულად, ეფექტიანად და ეკონომიურად გამოყენების, ამოცანების შესრულებისა და უნივერსიტეტის დასახული მიზნების მიღწევის შეფასება, ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების გაცემა და უნივერსიტეტის რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს ინფორმირება, უნივერსიტეტის სისტემაში რისკის მართვის, კონტროლისა და მართვის პროცესების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.
მთავარი შიდა აუდიტორი მოქმედებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ბსუ-ს წესდების, ამ წესის და სხვა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპებით.
მთავარი შიდა აუდიტორი დასახული ამოცანების შესასრულებლად საქმიანობას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:
ა) უნივერსიტეტის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (შემდეგში - ,,სისტემური აუდიტი“);
გ) დაწესებულების საქმიანობის მისიასთან, სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება (შემდეგში - ,,შესაბამისობის აუდიტი“);
დ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, უნივერსიტეტის ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება, მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით (შემდეგში - ,, ეფექტიანობის აუდიტი“);
ე) უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (შემდეგში - ,,ფინანსური აუდიტი“);
ვ) უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (შემდეგში - ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი“);
ზ) განხორციელებული საქმიანობის შედეგად რეკომენდაციების გაცემა და გაცემული რეკომენდაციების და წინადადებების შესრულების მონიტორინგი;
თ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს უნივერსიტეტის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის პრინციპებს.
მთავარი შიდა აუდიტორი უფლებამოსილია:
ა) უნივერსიტეტის სისტემაში რისკების შეფასებაზე დაფუძნებული შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების საფუძველზე განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი; შესაბამისობის აუდიტი; ეფექტიანობის აუდიტი; ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
ბ) ძირითადი მიმართულებებით უნივერსიტეტის საქმიანობის განხორციელების მიზნით შეუზღუდავად, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით, მოითხოვოს და მიიღოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან (დასაქმებულისგან) მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასევე მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით;
გ) შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით, ჰქონდეს შეუზღუდავი დაშვება უნივერსიტეტის ყველა ობიექტზე, ყველა საქმიანობასა და დოკუმენტაციასთან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა;
დ) აუდიტის ობიექტებისგან გამოითხოვოს გაცემული რეკომენდაციების დროული შესრულების შესახებ ინფორმაცია (უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების რისკის მფლობელები და კონტროლის ღონისძიებებზე პასუხისმგებელი ერთეულები);
ე) შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
ვ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციებისათვის მოიწვიოს უნივერსიტეტში დასაქმებული პირები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად, მოითხოვოს შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა, ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარების დაკვეთა;
ზ) შიდა აუდიტის წლიური გეგმით განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოს (შიდა აუდიტორის ფუნქციების) შესრულების უზრუნველსაყოფად მოითხოვოს დამატებითი ადამიანური რესურსი (მოწვევა/დასაქმება);
თ) ბსუ-ს რექტორს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით.
შიდა აუდიტის სუბიექტი (მთავარი შიდა აუდიტორი) ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოს, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე, ბსუ-ს მთავარი შიდა აუდიტორის სამსახურში მიღების წესით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში.
ბსუ-ს მთავარი შიდა აუდიტორის სამსახურში მიღების წესი (N07-01/62, 30.12.2021წ.)
უკან |