12-15 თებერვალს, თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის - „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) - ფარგლებში, ოთხდღიანი სემინარი გაიმართა აშშ-სა და საქართველოს შორის კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობის გაზრდის საკითხებზე. სემინარებს უძღვებოდნენ უმაღლესი განათლების ექსპერტები აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო აკადემიიდან, ჩიკაგოს, იელის, ციურიხის, კინგს კოლეჯის, და ბეირუთში ამერიკული უნივერსიტეტებიდან. პროგრამას ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოსთან (NCURA) თანამშრომლობით.
პროგრამა მოიცავს ვებინარებს, სემინარებს საერთაშორისო კვლევისა და ფონდების მოძიების საკითხებზე, საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტს აშშ-ში და ამერიკელი განათლების ექსპერტების საპასუხო ვიზიტს საქართველოს უნივერსიტეტებში. სემინარებზე განიხილეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ადმინისტრირების და განვითარების ოფისების შესაძლებლობების გაძლიერების, საერთაშორისო კვლევებისა და ფონდების მოძიების საკითხები.
სემინარების მუშაობაში მონაწილეობდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი ანზორ ბერიძე, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. მ. გიორგაძე და Horizon Europe-ის საუნივერსიტეტო ოფისის კოორდინატორი, ასისტენტ პროფესორი შოთა როდინაძე.
უკან |