ბსუ-ში ზამთრის სკოლა „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ გაიხსნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ გაიხსნა. სკოლა ტარდება „ერაზმუს+“-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაციის“ ფარგლებში, რომელიც იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხორციელდება 2023 წლიდან. მოდული მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით. მოდულის კოორდინატორია ბსუ-ს პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი მალხაზ ნაკაშიძე.

ზამთრის სკოლა ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა, სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა გიორგაძემ და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა გახსნეს.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 30 სტუდენტი, ასევე სტუდენტები უკრაინიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან.

ჟან მონეს ზამთრის სკოლა ბსუ-ში წელს პირველად დაიგეგმა და რეგულარულად ჩატარდება მომდევნო წლებშიც.

ხუთდღიანი ზამთრის სკოლის მიზანია, სტუდენტებს მისცეს საბაზისო ცოდნა ევროკავშირში გაწერიანების პროცესის შესახებ და პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა: ევროკავშირის გაფართოების ისტორია, კოპენჰაგენის კრიტერიუმები (პოლიტიკური კრიტერიუმები), საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას ასოცირების ხელშეკრულებები ევროკავშირთან, სამართლებრივი და პოლიტიკური რეფორმები, ათი ყველაზე გავრცელებული მითი ევროკავშირის შესახებ, რუსული პროპაგანდა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ და სხვა.

ზამთრის სკოლის ფარგლებში მოწვეულნი არიან პროფესორები უკრაინიდან, მოლდოვიდან, სერბეთიდან, რომლებიც სტუდენტებს გაუზიარებენ ასოცირებული ტრიოს და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებას ევროინტეგრაციის შესახებ.

ზამთრის სკოლის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები.  

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა