ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. აბიტურიენტებს ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე შეხვდა, საგანმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები, სოციალური პროექტები, გაცვლითი პროგრამები გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ. სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ზოოლოგიის კაბინეტი, ქიმიის და კრიმინალისტიკის ლაბორატორიები დაათვალიერეს და სახალისო ცდებში მიიღეს მონაწილეობა. მათ ასევე მოინახულეს ბსუ-ს სასამართლო საიმიტაციო დარბაზი, სადაც როლური თამაშების ფორმატში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაითამაშეს. ღონისძიება ხელვაჩაურის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ,,აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ ფარგლებში გაიმართა.
პროექტის ფარგლებში, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან ბერიძემ ტრენინგი ჩაატარა თემაზე: ,,პროფესიული ორიენტაცია". ქეთევან ბერიძემ აბიტურიენტებს სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მნიშვნელობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ახალგაზრდებმა ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები და საინტერესო აქტივობები შეასრულეს, რაც მათ მომავალი პროფესიის უკეთ გააზრებაში დაეხმარებათ.
უკან |