ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ემერიტუს-პროფესორის, ავთანდილ ქემხაძის გარდაცვალების გამო. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ავთანდილ ქემხაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბსუ-ში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში. პროფესორი ავთანდილ ქემხაძე 2008-2010 წლებში იყო განათლების ფაკულტეტის დეკანი, გახლდათ მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი, ასევე სამაგისტრო და სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელი.
ემერიტუს-პროფესორმა ავთანდილ ქემხაძემ 1974 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტი და დაიწყო მუშაობა ბათუმის №1 საშუალო პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად. 1976 წლიდან მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის მასწავლებლად. 1986-1990 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში. 1991 წელს ავთანდილ ქემხაძემ მოიპოვა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1983-1992 წლებში, უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა ფიზიკური აღზრდის თეორიისა და მეთოდიკის კათედრას, 2000 წელს დაინიშნა სპორტულ-მასობრივი განყოფილების გამგედ. ავთანდილ ქემხაძე 1999 წლიდან არჩეული იყო ფიზიკური აღზრდის თეორიისა და მეთოდიკის კათედრის უფროს მასწავლებლად, ხოლო 2009 წლიდან დაიკავა პროფესორის თანამდებობა, პარალელურად ხელმძღვანელობდა ფიზიკური აღზრდის დეპარტამენტს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები და კურსდამთავრებულები ავთანდილ ქემხაძეს ყოველთვის დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გაიხსენებენ.
უკან |