ბსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია ,,თარგმანი გარდამავალ პარადიგმაში 7“ გაიხსნა. სამდღიან კონფერენციაში 10 ქვეყნის 40-მდე მკვლევარი მონაწილეობს. ფორუმის მიზანია თარგმანმცოდნეობის კორპუსლინგვისტური ემპირიული კვლევებისა და თანამედროვე მეთოდოლოგიის შესახებ გამოცდილების გაზიარება, ასევე თარგმანისა და ტექნოლოგიების სფეროებში დარგობრივი განვითარება.
საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრისა და ჰილდერშეიმის უნივერსიტეტის (გერმანია) მთარგმნელობითი კვლევებისა და სპეციალიზებული კომუნიკაციის ინსტიტუტის ორგანიზებითა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
კონფერენციების ეს სერია მთარგმნელობითი კვლევების სფეროში ერთ-ერთ ცენტრალურ ფორუმად ითვლება. „თარგმანი გარდამავალ პარადიგმაში“ წინა კონფერენციებს უმასპინძლეს ევროკავშირის წამყვანმა უნივერსიტეტებმა, მათ შორის კოპენჰაგენის, გენტის, ბარსელონისა და პრაღის ჩარლის უნივერსიტეტებმა, ასევე აშშ-ის კენტის უნივერსიტეტმა. შესაბამისად, მაღალია კონფერენციის საერთაშორისო ცნობადობა.
კონფერენციას ჰყავს საერთაშორისო სამეცნიერო კომისია, რომლის წევრებიც არიან ევროკავშირის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები დარგობრივად, ევროკავშირის თარგმანის ასოციაციის წევრები. საერთაშორისო სამეცნიერო კომისიის წევრია ასევე ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ხათუნა ბერიძე.
კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელი იყო სამმაგი რეცენზირების გავლის შედეგად OpenReview-ის პლატფორმაზე. კონფერენციის კრებული დაიბეჭდება ჟურნალ SCOPU-ში ინდექსირებულ ჟურნალში, რომლის სარედაქციო საბჭოსგან მიღებულია თანხმობა.
ბათუმის კონფერენცია ღია იქნება ემპირიული მთარგმნელობითი კვლევების სხვადასხვა თემებისთვის, ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდება ორ მიმართულებაზე: ნაკლებად გავრცელებულ და ნაკლებად გამოკვლეულ ენათა წყვილების კორპუსლინგვისტიკური მეთოდოლოგიით ანალიზზე.
უკან |